“მილიონობით ადამიანთან ერთად მსოფლიოს გარშემო, ამ დღეს ევროკავშირი აღნიშნავს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ეს ხელსაყრელი შესაძლებლობაა, რათა ხელისუფლებებს შევახსენოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაობის მხარდაჭერის ვალდებულება და უზრუნველვყოთ, რომ ყველამ, მიუხედავად გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, ისარგებლოს ამ უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაში, რომელიც მან ევროგაერთიანების სახელით გააკეთა.
“უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში შესანიშნავი წინსვლა იყო ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის გაუმჯობესების კუთხით ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი (ლგბტი) პირებისთვის. რამდენიმე ქვეყანამ მოახდინა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია, ხოლო ზოგიერთმა მიიღო ახალი საკანონმდებლო აქტი ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დევნისგან დასაცავად. ამ ცვლილებათაგან არც ერთი არ განხორციელდებოდა, რომ არა გაბედული აქტივისტების თავდადება, რომლებიც “ლგბტი” პირებისთვის თანაბარი უფლებების მოპოვებისთვის იბრძვიან.
უამრავ ადგილას მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავაც სახეზეა დიდი წინაღობები. ლგბტი პირების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა კვლავ ფართოდაა გავრცელებული. ერთნაირსქესიანი ურთიერთობის დამყარება დანაშაულად მიიჩნევა 70-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ზოგიერთ მათგანში საქმე შეიძლება სიკვდილით დასჯამდეც მივიდეს. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ლგბტი პირების წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციასა და ძალადობას”, – აცხადებს მოგერინი.
მისივე თქმით, ევროკავშირი მთელ მსოფლიოში აფინანსებს პროექტებს, რომელთა მიზანია “ლგბტი” ორგანიზაციების ხილვადობისა და აღიარების გაუმჯობესება, ხელისუფლებებთან მათი დიალოგის გაღრმავება კანონების შესაცვლელად, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და ლგბტი პირების ძალადობისაგან დაცვა.
“ასევე ხორციელდება ლგბტი პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ტრენინგები, ინფორმაციის მიწოდება და იურიდიული დახმარების აღმოჩენა.
2016 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭომ პირველად მიიღო ლგბტი თანასწორობის დასკვნითი დოკუმენტი, აღნიშნულ საკითხზე ევროკომისიის ქმედებათა ნუსხის საპასუხოდ. ევროკავშირი განაგრძობს ყველა პარტნიორთან მუშაობას თითოეული ადამიანის უფლებათა გასაუმჯობესებლად, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა”.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ამ დღის აღნიშნვას ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი. სასულიერო პირების ნაწილი პოლიციამ დღეს არ შეუშვა კანცელარიასთან, სადაც მოქალაქეები ჰომობოფიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ და თანასწორობას ითხოვდნენ.