ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გამოძიებას ოთარ ფარცხალაძის სწრაფად დაკითხვისაკენ მოუწოდებს

16 მაისი, 2017 • 2478
ირაკლი კობახიძე გამოძიებას ოთარ ფარცხალაძის სწრაფად დაკითხვისაკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებებს ოთარ ფარცხალაძის სწრაფად დაკითხვისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან იმედის საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას ისაუბრა.

“ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს [საგამოძიებო] პროცესი, არასტანდარტულად სწრაფად. საქმე ეხება ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს. აუდიტის სამსახური ინსტიტუციურად პარლამენტთან პირდაპირ არის დაკავშირებული. რაც შეეხება მხარეების დაკითხვას, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ესეც იქნება ჩვენი ინტერესის საგანი. ორი კვირა იქნებოდა ძალიან ხანგრძლივი ვადა. უახლოეს დღეებში უნდა წარიმართოს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ამ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნის საკითხს, რასაც ოპოზიცია ითხოვს, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ საგამოძიები სტრუქტურების მუშაობას უნდა მიადევნონ თვალი:

“ძალიან მძიმე ფაქტია. ეს საქმე პარლამენტის პირდაპირი ინტერესის ქვეშ ექცევა. რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. თუ დავინახავთ, რომ ამ გამოძიების მიუხედავად, საჭიროა საპარლამენტო კომისიის შექმნა, მაშინ ეს კომისია აუცილებლად შეიქმნება, ოღონდ ჯერ თვალი უნდა მივადევნოთ საგამოძიებო მოქმედებებს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი