“როდესაც აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოდის გადაწყვეტილება კრედიტორის სასარგებლოდ, ჩვენი მოვალეობაა და ეს მინდა

საზოგადოებამაც კარგად გაიგოს, ის ოჯახი, რომელმაც გაუსაძლისი მდგომარეობის გამო დატვირთა საკუთარი ბინა იპოთეკით და ამის შემდეგ სხვა გახდა მესაკუთრე, ჩვენი მოვალეობაა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მისი გამოსახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით სისხლის სამართლის დამნაშავე. ეს არის იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელი საქმიანობის ყველაზე მტკივნეული ასპექტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სასწრაფოდ არის მისაღები ზომები, რათა შემცირდეს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც გადაუხდელი ვალის გამო საცხოვრებლიდან ასახლებენ.
წულუკიანის განმარტებით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან იქნება მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება იპოთეკური სესხის საფრთხეებთან და ქონების შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მომზადებული სარეკლამო რგოლი ტელეეთერებში უახლოეს დღეებში დატრიალდება.
“მთავრობის სხდომაზე როცა დავაყენე საკითხი, რომ უბედურება ხდება ქვეყანაში და ეს პრობლემა პრემიერ–მინსიტრმა იცის ძალიან კარგად, ჩვენ შევთანხმდით, რომ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იპოთეკის სამართლებრივი რეჟიმის რეფორმაზე იმუშავებს და მევახშეებს დაუწესდებათ მკაცრი რეგულაციები იმისთვის, რომ სხვადასხვა სესხის ხელშეკრულებების გაფორმება ისეთი ადვილი არ იყოს, როგორც დღეს არის.
რეგულაციები გამკაცრდება შესაბამის ორგანიზაციებთან და ბანკებთან თანამშრომლობის ფონზე, ამ მხრივ ნოტარიუსის როლიც უნდა გადაიხედოს და მთავარი სამუშაო ჩვენ გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებსაც უწევთ სესხთან თამაში უკიდურესი გაჭირვების გამო”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
