“ჩვენი მთავრობის პირობებში მნიშვნელოვანი დასაქმების პროგრამა დაიწყო და იმედი გვქონდა, რომ ახალი მთავრობა პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღებდა ჩვენ მიერ შექმნილ, ნაწილობრივ დასრულებულ მონაცემთა ბაზას და მოსახლეობის დასაქმებისთვის გამოიყენებდა. ამის ნაცვლად ადგილი აქვს ოპოზიციის წევრებზე ზეწოლას, შანტაჟს. ახალი მთავრობა და პოლიტიკურ იარაღაც ქცეული სამართალდამცავი ორგანოები დაკითხვაზე ატარებენ დასაქმების აგენტებს და ლოგიკურია, რომ დაკითხვაზე მეც დამიბარეს.
მე ვაპირებ მივაწოდო ინფორმაცია გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მინდა დავარწმუნო თითოეული გამომძიებელი და საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ თითოეულ ადამიანს, გარკვეულ ეტაპზე ეპოვნა მისთვის შესაფერისი და მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილი,” -აცხადებს ჭიაბერაშვილი ვიდეო-მიმართვაში.
საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამინდელი კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ხვალ, 13 თებერვალს არის დაბარებული. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, დაკითხვაზე მისვლას აპირებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვანო მერაბიშვილთან ერთად მოწმის სახით დაიკითხება საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო.





