საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ცენტრ-პოინტის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ივანე ცაგურიას, რომელიც კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელია.
ცაგურიას ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, დიდი ოდენობით თანხების უკანონო მითვისება და ქონების გადამალვა. პროკურატურის განცხადებით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს იმიტომ, რომ მითვისებული ქონება დაებრუნებინა.
“2010 წლის 7 სექტემბერს, ერთი მხრივ, მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, შპს „დექსუსს“ შორის გაფორმდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „დექსუსს“ მართვისა და განკარგვის უფლებით გადაეცა „ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში არსებული აქტივები.
2013 წლის 4 მარტს მაია რჩეულიშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა შპს „დექსუსისგან“ მოითხოვეს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმება და გადაცემული აქტივების დაბრუნება. იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო სრული აქტივების დაბრუნება, 2013 წლის 5 და 7 მარტს ი.ც-მ გააფორმა თვალთმაქცური გარიგებები, რომლითაც დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი უსასყიდლოდ გადაეცა შპს „დექსუსს“. შემდგომში, აღნიშნული ქონება, ვალდებულებებისგან თავიდან არიდების მიზნით, შეტიტანეს შპს „დექსუსის“ მიერ დაფუძნებული კომპანიის – „ალიანს კაპიტალის“ საწესდებო კაპიტალში.
საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას ი.ც.-მ გამოთქვა მზაობა, აენაზღაურებინა მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რაც მდგომარეობდა მის მიერ 2013 წლის მარტის თვეში ქონების გადამალვის გზით დაუფლებული შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ საკუთრებაში შემავალი დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 23 დასახელების ქონების დაბრუნებაში, რაც საშუალებას მისცემდა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ ხელმძღვანელ პირებს, აღნიშნული ქონებები წარემართათ სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც არაერთხელ აღინიშნა, ე.წ. შპს „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას, მათთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად, ი.ც.-ს მიეცა თანხმობა, რომ მისი მხრიდან განცხადებაში დაფიქსირებული პირობის შესრულების შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.
იმის გათვალისწინებით, რომ ი.ც.-მ სრულად დაუბრუნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფს“ ზემოხსენებული 23 დასახელების ქონება, საქართველოს პროკურატურასა და ბრალდებულ ი.ც.-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით,”- აცხადებს პროკურატურა.
მათივე განცხადებით, აგრძელებენ “ცენტრ-პოინტის” შემადგენლობაში შემავალი კომპანიების შესწავლას, რა დროსაც გამოიკვეთა ყოფილი დირექტორების მხრიდან მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სრულად აანაზრაურეს ზიანი, მთლიანობაში 441 000 ლარის ოდენობით, რაც შეიძლება გამოიყენონ დაუსრულებელი მშენებლობების დასამთავრებლად, ამ პირებთან განრიდება გააფორმეს და სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყეს.