ბესიკ ბრეგაძე საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის მერად გასული წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა. ხოლო „თავისუფალმა საქართველომ“ სასამართლოს საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართა.
მოსამართლე გენადი მაკარიძის გადაწყვეტილებით, „თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. კერძოდ, მათი მოთხოვნა, რომ „ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 8 ოქტომბრის #294 განკარგულება ქალაქ ქუთაისის მერად ბესიკ ბრეგაძის დანიშვნის თაობაზე, საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ სასამართლომ ბათილად ცნო. ხოლო სარჩელის მეორე ნაწილი, „გამოცხადდეს კონკურსი ქალაქ ქუთაისის მერის თანამდებობაზე“, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
„ყველას კარგად მოეხსენება, 8 ოქტომბერს საკრებულომ ფორსირებულად, ყოველგვარი კანონის დარღვევით ჩაატარა საკრებულოს სხდომა და უფლებამოსილება მიცა საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა მას ბრძანებით დაენიშნა ქალაქის მერი. ეს იყო კანონის დარღვევით ჩატარებული სხდომა და ჩვენ ამ სხდომას ვაპროტესტებდით და ამ სხდომის წინააღმდეგ გვქონდა ჩვენ სარჩელი შეტანილი. ჩვენ ეს დღეს მივაღწიეთ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საკრებულოს 294-ე განკარგულება გამოაცხადა გაუქმებულად, სადაც ის ანიჭებდა უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა მას დაენიშნა ქალაქის მერი. ამას მოვაყოლებთ შემდეგ ქმედებებს,” – ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.
მისივე განცხადებით, თუ საკრებულო თავის შეცდომას არ გამოასწორებს, სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავენ:
„ჯერ, პირველად, მივმართავთ საკრებულოს, რომ თქვენს მიერ არაკანონიერად ჩატარებულმა სხდომამ გამოიწვია არაკანონიერად მერის დანიშვნა და კეთილი ინებეთ და თქვენ თვითონ გამოასწორეთ ეს შეცდომა, დანიშნეთ კონკურსი და ჩაატარეთ წესიერად საკრებულოს სხდომა. თუ ამას არ დააკმაყოფილებენ მეორე სარჩელი უკვე გამზადებულია, შევა სასამართლოში საკრებულოს თავმჯდომარის იმ ბრძანებულების გაუქმებისთვის, რომლითაც დაინიშნა ქალაქის მერი.”
იმერეთის გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძის თქმით, ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე თავის თანამდებობას ინარჩუნებს. როგორც ის განამრტავს, სასამართლოს მერის დანიშვნის ბრძანებულაბა არ გაუუქმებია:
„რაც შეეხება თვითონ სტატუსს, სამართლებრივ ფორმას მერისას, არსებობს განკარგულება თანხმობის შესახებ და არსებობს ბრძანება, რის მიხედვითაც არის დანიშნული. განკარგუელბიდან გამომდინარე არა არის ბრძანება, ბრძანება არის ცალკეული სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც არც ყოფილა სამართლებრივი განხილვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მერი ასრულებს თავის მოვალეობას, იგი რჩება ადგილზე დღევანდელი მდგომარეობით.”
ბალავაძის მტკიცებით, საკრებულო სააპელაციო სასამართლოს მიმართავს:
„მინდა გითხრათ, რომ იმ ნაწილში, რომელიც დააკმაყოფილა პირველმა ინსტანციამ, საკრებულო აპირებს, რომ გაასაჩივროს ეს გადაყწვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.”
სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ამახვილებს ყურადღებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი. მისი თქმით, შესაძლოა საკრებულოს სხდომის კიდევ ერთხელ ჩატარება გახდეს საჭირო:
„ბესიკ ბრეგაძე რჩება თავის თანამდებობაზე სასამართლოს გადაწყვეტიელბით, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილება არის მისაღები საკრებულოსთან დაკავშირებით. თავიდან არის ჩასატარებელი თანხმობის მისაცემად სხდომა, ანუ საკრებულომ მომცეს უფლება, რომ კონკრეტული პირის მერად დანიშვნის თაობაზე.”
ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ წინა სხდომის დროს სავარაუდოდ საჯაროობის პრინციპი დაირღვა:
„რაც შეეხება წინა სხდომის ხარვეზს, შეიძლება პროცესუალური დარღვევები იყო, იმიტომ რომ სასამართლო ისე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ხდება, არ არის ჯერ მოსული ძირითადი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. საჯაროობასთან დაკავშირებით, ტელევიზიაში გამოცხადებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული ხარვეზები.“
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად აფასებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში. ფილიალის თავმჯდომარის თამარ ფაჩულიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ქუთაისის მერს უფლებამოსილება არ უწყდება:
„ფაქტიურად სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომელიც თანხმობას ითვალისწინებდა ქალაქ ქუთაისის მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება პროცესუალურ საკითხს აქ უკვე მხარეებს აქვთ გასაჩივრების უფლება და ეს გადაწყვეტილება უკვე მათი მისაღებია. ამ გადაწყვეტილებაში არ იგულისხმება მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება.“
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 14 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაც შეეხება ქუთაისის მერს ბესიკ ბრეგაძეს, მას დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.








