ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები ისევ გაიფიცნენ

12 თებერვალი, 2013 • 1870
ჭიათურელი მაღაროელები ისევ გაიფიცნენ

“ჭიათურმანგანუმის” ტექნიკური კონტროლის განყოფილების თანამშრომელი გულთამზე ჩუბინიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი, შუქრუთის მაღარო მუშაობს, დანარჩენები მაღაროები კი გაჩერებულია იმის გამო, რომ მაღაროელებმა მასშტაბური გაფიცვა გამოაცხადეს.

 

“4 თვის მანძილზე ჩვენი არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. პირობები არ გაუმჯობესებულა, ისევ არის ზეწოლა მუშებზე, არის შემცირებები. ახლა შემცირებების საბაბად მოიგონეს გამოცდები, რადგან აქციების ორგანიზატორები ვერ მოგვიშორეს”, – ამბობს გულთამზე ჩუბინიძე.

 

მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ გასული კვირის ბოლოს განუცხადა, რომ თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს:

 

“გვითხრეს, რომ გარკვეული ადამიანების სახელით მოვა საგამოცდო ბარათები და ეს რას ნიშნავს? – ვინც მოწონთ, იმათ მოუვათ ადვილი ბარათები, ვინც არა – რთული და ასე მოიშორებენ თავიდან. კიდეც რომ ჩააბაროს ყველამ გამოცდები, მაინც მოხდება ხალხის შემცირება: 4 ადამიანიდან ყველამ რომ ჩააბაროს, ერთი უნდა მოხვდეს მაინც. უნდა მოხდეს ინგლისურის, რუსულის და კომპიუტერის ცოდნის შემოწმებაო. ჩვენ ყველას გვაქვს ჩაბარებული გამოცდები. კომპიუტერები, რაც შემოტანილია, არც ერთი არ ჩაურთავთ ჯერ და კიდევ გამოცდებს გვეუბნებიან?! ეს არის მოგონილი იმისთვის, რომ კანონიერად მოიშორონ ხალხი.”

 

ჭიათურმანგანუმში ამ დროისთვის 3700-მდე ადამიანი მუშაობს. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” 1200 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს.

 

წერეთლის მაღარო. ჭიათურა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
წერეთლის მაღარო. ჭიათურა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“თუ ის ადგილები საჭირო არ იყო, თავის დროზე თავად არ შექმნეს?! არ აცდიან ადამიანებს პენსიაზე გასვლას. მე კომპანიაში ვუთხარი, რომ გაითვალისწინეთ, პატარა ქალაქია ჭიათურა, სხვა სამსახური არ არსებობს და მაგ მანგანუმით ვარ დაავადებული ყველა-მეთქი”, – აცხადებს გულთამზე ჩუბინიძე.

 

მისივე თქმით, მოსალოდნელი შემცირების თაობაზე მათ პირადად გენადი ტიკვა – “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი ესაუბრა.

 

“ხელფასს რომ გვთხოვთ, ამიტომ შევამცირებთ თანამშრომლებს და გაგიზრდითო”, – გვითხრეს”, – ამბობს გულთამზე ჩუბინიძე.

 

შეგახსენებთ, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით, ჭიათურელი მაღაროელები გასული წლის ოქტომბერში გაიფიცნენ, თუმცა ისინი სამუშაო ადგილებს მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც მთავრობისგან მათი პრობლემების მოგვარების შესახებ დაპირება მიიღეს.

 

ჭიათურაში ყველა მაღაროსა და მადნის გადამამუშავებელ საწარმოს  კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ფლობს, რომლის დირექტორია უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი