ახალი ამბები

დათხოვნილ პედაგოგებს ახალი ხელისუფლების გულწრფელობის აღარ სჯერათ

12 თებერვალი, 2013 •
დათხოვნილ პედაგოგებს ახალი ხელისუფლების გულწრფელობის აღარ სჯერათ

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მათმა ნაწილმა განათლების მინისტრის მოადგილის, ალუდა გოგლიჩიძის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. რამდენიმე მათგანმა კი შეხვედრა განათლების სამინისტროში მის დასრულებამდე დატოვა. 

 

დღეს, 12 თებერვალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, “საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის” წევრების სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც ის  100-მეტი პედაგოგი და განათლების სფეროს თანამშრომელი დაესწრო, ვინც თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევს. 

 

თბილისის 59-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ჩიქობავა 2011 წლის 3 სექტემბერს დაითხოვეს სკოლიდან. როგორც ის აცხადებს, – “რესპუბლიკურ” პარტიაში წევრობის გამო. მისი განცხადება ერთ-ერთია იმ 830 განცხადებიდან, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, განათლების სამინისტროსთან შექმნილ კომისიას უნდა განეხილა.


როდესაც განათლების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე პედაგოგებს კომისიის მიერ შესრულებულ სამუშაოს აცნობდა, ნანა ჩიქობავამ ხმაურიანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სამინისტრო “პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პედაგოგთა” საქმეებს ფორმალურად იხილავს. 

 

“შაბლონური წერილი მივიღე სამინისტროდან, რომ ჩემი საქმე განხილვის სტადიაშია. გუშინ მოვედი და აღმოვაჩინე, რომ საქმე არც ყოფილა წარმოებაში და კანცელარიაშივე იყო გაჩხერილი,” -განაცხადა მან. 

 

ხმაურიანი განცხადება გააკეთა 89-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულმა პედაგოგმა, ლია ნიკოლაიშვილმაც, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული, აქვს სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მისი აღდგენა სკოლაში მაინც არ ხდება. 

 

“სამინისტროს რეალურად არ აინტერსებს ჩვენი ბედი. ბატონ ალუდა გოგლიჩიძეს დებატებში ვიწვევ,”- აცხადებს ის. 

 

ერთ-ერთმა პედაგოგმა, ხმაურიანი განცხადებით და ბრალდებით, რომ სამინისტო არაფერს აკეთებს მათი სკოლებში აღსადგენად, შეხვედრა დატოვა. 

 

მას შემდეგ რაც განათლების სამინისტროში კომისია შეიქმნა, რომელმაც პედაგოგების საქმეები უნდა შეისწავლოს, 830 განცხადება შევიდა. მათგან 440 განმცხადებელს, მტკიცებულებების წარდგენის მიზნით წერილი უკან გაეგზავნათ. 

 

როგორც ირკვევა, 830 განცხადებიდან მხოლოდ 52 საქმის განხილვა სრულდება, რომელთა თანდართული მტკიცებულებები კომისიამ საკმარისად მიიჩნია. 

 

დაახლოებით, 2 კვირაში კი ამ 52 პედაგოგის საქმის არსებითი განხილვა შედგება. 

 

რა იქნება მას შემდეგ, რაც კომისია პირველ ეტაპზე კონკრეტული პედაგოგების გათავისუფლებაში პოლიტიკურ ნიშნებს გამოკვეთს?

 

პასუხი ცალსახაა, განათლების სამინისტრო მათ სამსახურებში ვერ აღადგენს.  

 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროს არ აქვს მექნიზმები მათი აღდგენის.


“აღდგენა არ არის რელევანტური ტერმინი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა. რას იზამს შემდეგ სამინისტრო და როგორ დაეხმარება მათ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია,”- ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

კომისიამ, რომელმაც პედაგოგთა პოლიტიკური გათავისუფლების საკითხებზე დასკვნები უნდა გამოიტანოს, 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მასში გაწევრიანებულია 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. 

 

კომისია პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ იმ შემთხვევებს განიხილავს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე, ანუ 2012 წლის დეკემბრამდე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი