ახალი ამბები

საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეები

13 თებერვალი, 2013 • • 1855
საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეები

საქართველოს პარლამენტის წინაშე ამ ეტაპზე ორი ძირითადი საკითხი დგას, რომელთა ამა თუ იმ ფორმით გადაწყვეტა ქვეყნის საგარეო კურსზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ პარლამენტს წარუდგინა 14–პუნქტიანი დოკუმენტის პროექტი “საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“. საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნულ დოკუმენტს კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს და მის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს.


ოპოზიციის კრიტიკა ეხება დოკუმენტის მეცხრე და მეშვიდე პუნქტებს. მეცხრე პუნქტში წერია: „საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა“.

 

რაც შეეხება მეშვიდე პუნქტს, ის შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით“.

 

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, მეცხრე პუნქტი ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ამ დოკუმენტის მიხედვით, თავადვე უნდა მოხსნას საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ანუ, დასავლეთის, მეგობარი ქვეყნების საშუალებით საქართველომ არ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია.

 

„მაგალითად, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესებს, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ლეგიტიმურობა და ეს არ შესუსტდეს, ამისთვის აღარ უნდა ვიბრძოლოთ, რეზოლუციებში შესწორებები არ უნდა შევიტანოთ, ჩვენი მეგობრები არ უნდა შევაწუხოთ, არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ოკუპაცია და საჭიროა დეოკუპაცია. ერთი სიტყვით, ამ თეზისების გაზიარება საბოლოოდ მიგვიყვანს რუსეთის პოზიცის გაზიარებამდე. თუ ჩვენ თვითონ არ დავიცავით ჩვენი პოზიციები, თუკი ჩვენ თვითონ მოვხსენით ჩვენი საკითხი საერთაშრისო დღის წესრიგიდან, სხვებმა რატომ უნდა დაგვიცვან?“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ გიორგი კანდელაკმა.

 

დეპუტატი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტის მეშვიდე პუნქტზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოს როგორც საერთაშორისო მოთამაშის თვითლიკვიდაცია.

 

„ამ დოკუმენტის გაზიარება არის გზა საქართველოს თბილისის გუბერნიად გადაქცევისკენ. მაგალითად, ეს გულისხმობს რეგიონული სატრანსპორტო კორიდორზე უარის თქმას, ნაბუკოს პროექტის და ა.შ. ჩვენ საერთოდ არ შევდივართ ამ დაკუმენტის განხილვაში, იმდენად სუსტი და საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის“, – მიიჩნევს გიორგი კანდელაკი.

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი აცხადებს, რომ თედო ჯაფარიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის ხასიათიდან გამომდინარე, ეს გამოხატავს მთავრობისა და პარლამენტის ერთიან პოზიციას. მან ასევე განმარტება გააკეთა დოკუმენტის მეცხრე პუნქტთან დაკავშირებითაც.

 

„ეს პუნქტი გულისხმობს, რომ საქართველო მომავალში უნდა მოერიდოს, აღმოჩნდეს ეპიცენტრში იმ დაპირისპირების და იმ საკითხების ნუსხაში, რომელიც არ ქმნის კარგ საერთაშორისო ფონს იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს დაბალანსებული პოლიტიკა. ეს არის ძალიან პრაგმატული პუნქტი, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯების გადადგმის“, – ამბობს ქეთი ციხელაშვილი და იქვე დასძენს, რომ ამჟამინდელ ხელსიუფლებას წინა ხელისუფლებისგან განსხვავებთ პრობლემის მოგვარების სხვაგვარი მიდგომა გააჩნია.

 

“აქ არის მიდგომებში სხვაობა, რა არის ამოცანა: შენ მუდმივად იყო პრობლემა და გადაუჭრელი პრობლემა, თუ შენ ტაქტიკას ირჩევ იმგვარს, რომ იმ საკითხებზე მოახერხო გარკვეული პროგრესის მიღწევა, სადაც შეგიძლია და პრობლემა ამ გზით გადაჭრა.

 

ჩვენი ოპონენტები ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თვითონ ჰქონდათ პროდასავლური კურსი და ჩვენ არა გვაქვს. რომელი უფრო პროდასავლურია: დროშის აწევა უფრო მაღლა თუ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, კანონმდებლობის დაახლოების გზით ევროკავშირთან? 3 თვეში მოხერხდა იმდენი პროგრესის მიღწევა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების გზით, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეფერხებული. მართალია, გვქონდა ევროკავშირის დროშები, მაგრამ  რამდენად გულწრფელი იყო ჩვენი მისწრაფება მაშინ და ახლა, შედეგების მიხედვით განვსაჯოთ. იგივე ეხება ყველა პუნქტს, როცა ისინი არგუმენტებს გვიყენებენ“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

 

საგარეო პოლიტიკის მეტ შერბილებას ემხრობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე:

 

„მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს კონფრონტაციულ რეჟიმში. ჩვენი მიზანია მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება. ჩვენი მიზანია, საქართველო არ გახდეს საჯილდაო ქვა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში. თუმცა, მეორეს მხრივ, ამავე დოკუმენტით ვაღიარებთ, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ და ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსა და ევროკავშირისაკენ ჩვენს სწრაფვას. მიუხედავად წინა ხელისუფლების რიტორიკისა, ჩვენ ამ მიმართულებით გადადგმული რეალური ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირისაკენ ვერ დავინახეთ“, – მიიჩნევს დეპუტატი და აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, სქართველოს არ ემუქრება საერთაშორისო ასპარეზზე პირისპირ დარჩენა. მისივე თქმით, ხელისუფლების დასავლური კურსისადმი ერთგულებაში არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რადგან ამასთან დაკავშირებით მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ მტკიცედ თავისი აზრი.

 

“ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი წინააღმდეგობრივს უწოდებს თედო ჯაფარიძის მიერ მომზადებულ დოკუმენტის პროექტს “საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“.

 

„აღნიშნული დოკუმენტი არის შეუსრულებადი და მისი დებულებები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მაგალითად, მესამე და მეცხრე პუნქტები: ყველამ იცის, რომ ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში მთავარი პრობლემური საკითხი საქართველოა და ამ პროცესში საქართველოს გვერდზე დგომა არაფრით არ შეუძლია იმიტომ, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ გადის საქართველოზე და სანამ საქართველოს ექნება ნატოში შესვლის სურვილი, ის მუდმივად იქნება ამ დავის ობიექტი. მეორე საკითხია დეოკუპაცია, რაც ასევე არის დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანი და საქართველო ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხებს განზე გადგომას. მაგალითად, რუსეთს არ უნდა, რომ ნავთობსადენებმა და გაზსადენებმა გაიარონ საქართველოზე. დასავლეთი კი ცდილობს, რომ განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ნაბუკო და ა.შ. ჩვენ ამ საკითხებზე ნეიტრალიტეტს ვერანაირად ვერ შევძლებთ. აპრიორი, ეს დოკუმენტი ან შეუსრულებადია, ან უბრალოდ, მისი შესრულების მცდელობა დააზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ამ ფორმით დოკუმენტის მიღება იქნება შეუძლებელი და ის შეიცვლება და დაიხვეწება“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ კახა გოგოლაშვილმა.

 

საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის საგარეო კურსის გამყარებას კონსტიტუციით ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყნის დასავლური საგარეო კურსის ურყევობის მყარი გარანტია იქნება, თუკი ეს ჩაიწერება კონსტიტუციაში, ან საკონსტიტუციო კანონში, როგორც ეს ლიტვამ გააკეთა 1990–ან წლებში, რომ შემდეგ მთავრობებსაც არ დარჩეთ ქვეყნის საგარეო კურსის თეორიულად შეცვლის შანსიც კი.

 

კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი.

 

„კონსტუტუცია არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მორგებულია ფუნდამენტურ საკითხებზე. ვერ ვხედავ საჭიროებას, ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში, როცა ეს ასახულია სხვადასხვა დოკუმენტებში. უკვე შესაძლებელია ამ სამთვიანი პერიოდის განმავლობაში დასავლური კურსის ერთგულება შესაბამისად იქნეს აღქმული“, – განუცხადა ქეთი ციხელაშვილმა „ნეტგაზეთს“.

 

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის მოსაზრებით, კონსტიტუცია გრძელვადიანი დოკუმენტია და არავინ იცის, 20–30 წლის მერე რა რეალობა იქნება, ნატო რა ფორმით გააგრძელებს არსებობას და ა.შ.

 

„საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა კონსტიტუციით კონსტიტუციურ პრაქტიკას არ შეესაბამება. კონსტიტუცია შედგება ძირითადი, ფუნდამენტური პრინციპებისგან. ეს საქმეს არ გაართულებს და უახლოესი 10–15 წელიწადი იმუშავებს. რომ არ არსებობდეს ასეთი დაძაბული ფონი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და იყოს ჯანსაღი დიალოგი საზოგადოებაში, ასეთი ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობა არ იქნებოდა, საკმარისი იქნებოდა სტრატეგიის, ან რაიმე სხვა დოკუმენტის მიღება. გარანტია, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს საგარეო კურსისგან, უნდა იყოს კონსესუსი პოლიტიკურ ძალებს შორის. ვთქვათ, რომ ჩაწერონ ახლა ამ კურსის ურყევობაზე, რა შეუშლით მათ ხელს, თუ უმრავლესობა ექნებათ 1 წლის მერე, შეცვალონ ეს გადაწყვეტილება?“ – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა სტეფან ფულემ თბილისში ვიზიტისას 12 თებერვალს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პოლიტიკოსებმა და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მას სმენია ქვეყნების შესახებ, სადაც ქვეყნის საგარეო კურსი გაწერილია კონსტიტუციაში, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ევროკომისარმა ასევე გააკეთა განცხადება საქართველოს მიერ რუსეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც:

 

„ძალიან გვინდა, ჩვენმა პარტნიორებმა აწარმოონ ისეთი მოლაპარაკებები, როგორიც მეზობლებს შეეფერებათ და გაითვალისწინონ ის სპეციფიკა, რომელიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეობს, ასევე, რუსეთის როლი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ნათელი გახდეს საქართველოს საგარეო კურსის სრული სურათი საქართველოში მცხოვრები ადამიანების სასარგებლოდ”, – განაცხადა სტეფან ფულემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი