ახალი ამბები

ალასანიამ “მინისტრის ხედვა” წარადგინა

11 თებერვალი, 2013 • 1363
ალასანიამ “მინისტრის ხედვა”  წარადგინა

როგორც ირაკლი ალასანიამ 11 თებერვალს განაცხადა რეფორმები უკვე დაწყებულია, ხოლო მათ ეფექტიან განხორციელებას თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შექმნილი ჯგუფი გააკონტროლებს.

 

დოკუმენტის თანახმად 2013–2014 წლებში, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 

ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ საფრთხედ კვლავ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი რჩება:

“ჩვენი სტრატეგია, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს ხედვა, ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, სადაც ბუნებრივია საგარეო პოლიტიკურ საფრთხედ, სამხედრო საფრთხედაც რჩება ოკუპირებული ტერიტორიები. აქედან გამომდინარე ჩვენი თავდაცვის რეფორმაც მორგებულია ამ საფრთხეზე ადეკვატური პასუხის გასაცემად, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საფრთხე.  არის გლობალური ტერორიზმიც, რომელსაც შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედებით გასცემს საქართველოს ხელისუფლება პასუხს და თავდაცვის სამინისტროს თავისი თანამონაწილეობა ექნება ამაში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ალასანიას თქმით საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციაა:

 

“თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფით და ასევე ნატოს ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორებთან თავსებადობის  პროცესის კიდევ უფრო გაღრმავებით იქნება ერთ–ერთი მთავარი უწყება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ გვაქვს ყოველწლიური გეგმა ნატოსთან თანამშრომლობის, იცით რომ მოქმედებს ნატო–საქართველოს კომისია და სწორედ ამ ფარგლებში ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატოსთან. პოლიტიკური ნება საქართველოს ახალ მთავრობას უკვე დეკლარირებული აქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ოპერაციას რომელიც დასრულდება ავღანეთში, უკვე სხვა ფორმატშიც, ავღანური ძალების მომზადებით და მხარდაჭერით, ეს იქნება კიდევ ერთი წვლილი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ გლობალიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ალასანიას თქმით რეფორმის ფარგლებში უკვე გაიზარდა ავღანეთში და საქართველოში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება, ასევე დაწყებულია საქართველოს ეტაპობრივი გადასვლა პროფესიულ საკონტრაქტო ჯარზე:

“ჩვენ უკვე გავზარდეთ ხელფასები ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე ავღანეთში, ასევე საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების 89%–ს 1 თებერვლიდან ხელფასი 25%–ით გაეზარდა. ის სისტემა რომელიც ჩვენ დავნერგეთ უზრუნველყოფს ეტაპობრივად საქართველოს გადასვლას სრულად პროფესიულ საკონტრაქტო ჯარზე, ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, ასევე ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2017 წლისთვის გადავიდეთ სრულად პროფესიულ არმიაზე, დღეს უკვე დაახლოებით 75% ჩვენი შეიარაღებული ძალების არის პროფესიული. ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ სამხედო სავალდებულო სამსახურის ვადის და წვევამდელთა რაოდენობის შემცირებას, ამ კუთხით კანონპროექტზე ვმუშაობთ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტთან ერთად და უახლოეს მომავალში მათ მიერ ინიცირებული იქნება პარლამენტში შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრის განცხადებით იმისათვის, რომ ჯარისკაცმა იგრძნოს, რომ ის ქევყნის თავდაცვისუნარიანობის აღდგენის ქვაკუთხედია შემუშავდა ჯანდაცვის უზრუნველყოფის სპეციალური პაკეტი, რომელიც ჯარისკაცსაც და მინისტრსაც ერთიანი უზრუნველყოფით მოემსახურება. მისი თქმით სოლიდური ფინანსური ინვესტიცია ჩაიდება ჯარისკაცების განათლებაშიც, რადგან “ქვეყანას მოაზროვნე ჯარი და განათლებული არმია სჭირდება”

სამინისტროს ხედვის პრეზენტაციისას მინისტრი ვეტერანების საკითხსაც შეეხო, მისი თქმით ვეტერანების დასაქმების და სოციალურად უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება:

“ჩვენი სახე წარმოჩინდება იმით, როგორ უვლის საკუთარ სამხედრო ვეტერანებს ქვეყანა. ამიტომაც ჩვენი ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, სამთავრობო კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა და ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას გეგმას, თუ როგორ უნდა იყოს სტრუქუტურულად ორგანიზებული დეპარტამენტი და რა სამართლებრივი გარანტიები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ვეტერანი იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი. ასევე ჩვენ დავიწყეთ სპეციალური პროგრამის შექმნა იმისთვის, რომ ვეტერანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის არიან სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო, მათ მივცეთ საშუალება დაბრუნდნენ თავდაცვის სამინისტროში და იმუშაონ შესაბამის თანამდებობებზე”, – აღნიშნა ალასანიამ.

მინისტრის თქმით ჯგუფების შექმნა, რომლებიც თავდაცვის რეფორმას გააკონტროლებენ სამინისტროს მუშაობას გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარვეზები აღმოჩენისთანავე აღმოიფხვრება:

“ჩვენ შევქმენით სპეციალური ქვედანაყოფი თავდაცვის სამინსტროს სამოქალაქო ნაწილში რომელიც იქნება დაკავებული მხოლოდ ყოველთვიურად იმის შეფასებით, თუ როგორ მიდის თავდაცვის რეფორმა. ასევე ჩვენ გავქვს სპეციალური ჯგუფი შექმნილ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ასვე მონიტორინგს გაუწევენ, რამდენად ეფექტურად სრულდება ის გეგმა რომელზეც ახლა მე ვისაუბრე. საზოგადოება მთლიანად იქნება ინფორმირებული ჩვენი წარმატების შესახებ და ასევე თუ სადმე რამე ხარვეზი იქნება ძირშივე იქნება აღმოფხვრილი. ეს არის ის მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული თეთრი იქნება მიზანმიმართულად დახარჯული ჯარზე და ჯარისკაცზე”, – განაცხადა ალასანიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს სამინისტროს ხედვა და უახლოესი გეგმები:

“თავდაცვის მინისტრმა ძალიან კარგი პრეზენტაცია გააკეთა და წარმოადგინა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია, ისაუბრა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატოში ინტეგრაციაზე. ეს არის ის სფერო, რომელში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას განაგრძობს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში და ქვეყნის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი