ახალი ამბები

პროტესტი ცვლილებებს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონში

11 თებერვალი, 2013 •
პროტესტი ცვლილებებს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონში

არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ კანცელარიასთან და პარლამენტს მოუწოდებენ არ დაუჭიროს მხარი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს.

21 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ  თუკი პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, ნაწილობრივ შეასრულებს  რუსეთის ხელისუფების მოთხოვნებს.

ამის დამამტკიცებელ საბუთად არასამთავრობო ორგანიზაციებს მოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის  ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადება: “ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საშინელი კანონი პოლიტიკური ისტებლიშმენტის საუბრის საგანია. დავაკვირდებით როგორ იმოქმედებს საქართველოს ახალი მთავრობა ამ კანონთან მიმართებაში”.

“მიგვაჩნია,  რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილება იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დათმობის გზაზე და ის ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარებული პოლიტიკის ჩაშლას, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს არ დაუჭისო მხარი მთავრობის ინიციატივას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათ შორის ტოლერანტობის სახლი,  მოძრაობა საქართველო ოკუპაციის გარეშე, თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი და სხვები.

დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო აქციაში.

ცვლილებების მიხედვით, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი – ჯარიმა ამოქმედდება, სისხლისსამართლებრივი დევნა კი კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება. ცვლილების ინიციატორი რეინტეგრაციის სამინისტროა.

ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულია.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი