ახალი ამბებისაზოგადოება

ლესბოსელი წყვილის შემზარავი “მოგზაურობა” თბილისის გავლით

12 მაისი, 2017 • 24540
ლესბოსელი წყვილის შემზარავი “მოგზაურობა” თბილისის გავლით

ესპანელ ხიმენა რიკოსა და ეგვიპტელ შაზა ისმაილის ლესბოსელ წყვილს თავს საკმაოდ მძიმე ისტორია გადახდა, რომელშიც თბილისიც ფიგურირებს.

ამბავი გოგონებმა მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურეს, რაც ესპანეთში ჩავიდნენ და თავი უსაფრთხოდ იგრძნეს. ლესბოსელი გოგოების მოგზაურობის ამბავი BBC-მაც გააშუქა.

ხიმენა რიკო მარჯვნივ მის დასთან ერთად თურქეთის ციხიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ © EPA/Carlos Diaz

ხიმენა რიკო მარჯვნივ მის დასთან ერთად თურქეთის ციხიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ
© EPA/Carlos Diaz

გოგოების ისტორია, რომელიც 3 კვირა გრძელდებოდა, უკავშირდება მოგზაურობას, რომელშიც მათი თქმით ფიგურირებს სიკვდილის მუქარა, გაქცევა და ციხე.

მათი სიყვარულის ისტორია ლონდონში დაიწყო. შაზა ისმაილის ოჯახი, რომელიც დუბაიში ცხოვრობს, მათ დაშორებას ცდილობდა.

• მოტყუებით დუბაიში •

წყვილი 14 აპრილს ლონდონიდან დუბაიში ჩავიდა, რადგან შაზას მამამ უთხრა, რომ დედამისი ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. “მაგრამ ეს ხრიკი იყო”, – ამბობს ხიმენა რიკო.

“ის [შაზას მამა] სიკვდილით გვემუქრებოდა და გვითხრა, რომ ლესბოსელობის გამო შესაძლოა ციხეშიც აღმოვჩენილიყავით”.

ხიმენა რიკოს თქმით, შაზა ისმაილი ოჯახმა სახლშიც ჩაკეტა, თუმცა წყვილმა გაქცევა მოახერხა და საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაფრინდა, რომელიც დუბაიდან 3 218.688 კილომეტრითაა დაშორებული.

• თბილისში •

წყვილი იმედოვნებდა, რომ თბილისის აეროპორტიდან ისევ ლონდონში დაბრუნებას მოახერხებდნენ, თუმცა ყველაფერი ჯერ დასრულებული არ იყო, რადგან შაზას მამამ გოგონებს თბილისში ჩააკითხა.

“შაზა ისმაილის მამა აეროპორტში გამოჩნდა და ეგვიპტელი ქალის საბუთები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ვიზა, რომელიც შაზას ლონდონში დასაბრუნებლად სჭირდებოდა, ჩხუბის დროს დაიხა”, – წერს BBC.

ხიმენა რიკო ამბობს, რომ  ისინი თურქეთის საზღვრამდე მიაცილეს. ნეტგაზეთი თბილისის აეროპორტში განვითარებული მოვლენების დაზუსტებას შსს-სთან ცდილობს.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა იმ ადამიანს, რომელიც შაზას და ხიმენას საქართველოდან თურქეთში გადასვლაში დაეხმარა. იგი ამბობს, რომ ყველა იმ მოვლენის თვითმხილველია, რომელიც გოგოებს საქართველოში გადახდათ თავს.

ის გვიყვება, რომ შაზას მამა თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორის ქართველი ადვოკატებიც იყვნენ, გოგოებს თბილისის აეროპორტში ელოდებოდა. ქართველი თვითმხილველი, რომელიც გოგოების ნაცნობია, თუმცა საკუთარი ვინაობის სტატიაში მოხსენიება არ ისურვა, ამბობს, რომ აეროპორტში შაზას და ხიმენას გამოჩენას სიტუაციის დაძაბვა, პანიკა და გაწევ-გამოწევა მოჰყვა. დაძაბულობის მიზეზი კი ის გახდა, რომ მამა შაზას წაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდა. საქმეში პოლიცია ჩაერია, რომელმაც გოგოები გვერდით გამოიყვანა: “და მოახსენა მამას, რომ ისინი არიან სრულწლოვანები და სადაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე იქნებიან, არავის დაეკითხებიან”.

ამ დროს შაზას მამა ცუდად გახდა და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მოვლენების გამო გოგოები თბილისიდან ვერ გაფრინდნენ და ბილეთის გადაცვლაც ვერ მოახერხეს.

“ფული დაახლოებით 260 ევრო ჰქონდათ. გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისიდან წასულიყვნენ ევროპის რომელიმე ქალაქში და შემდეგ ხიმენას ოჯახი დაეხმარებოდა ესპანეთამდე ჩასვლაში. ვჯავშნით, თუ სწორად მახსოვს, ქუთაისი-მიუნხენის რეისს და ამ დროს საავადმყოფოდან დაბრუნდა მამა. ის მივიდა შაზასთან, ხელი გადახვია და აეროპორტში გაისეირნეს. უცებ ხელი ჩაუყო შვილს გახსნილ ჩანთაში, ამოაცალა პასპორტები, გარეთ გაიქცა და ბრიტანეთის ვიზის ფურცელი ამოხია”, – გვიყვება გოგოების თბილისელი ნაცნობი და აგრძელებს.

“საქმეში ჩაერია პატრული. აპირებდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. გოგოებს უთხრეს, რომ მამას პასუხი უნდა ეგო თავის საქციელზე, ან ჯარიმით ან ციხით. ეს ყველაფერი დროს და პროცედურებს მოითხოვდა. გოგოებს კი მხოლოდ ერთი რამ უნდოდათ – აქედან სწრაფად წასვლა.

პატრულმა გადაგვიყვანა ორთაჭალის განყოფილებაში, გოგოებმა ცოტა რბილად ილაპარაკეს, რადგან არ უნდოდათ მამისთვის სერიოზული სასჯელი… ბოლოს ორივე გამოუშვეს, მამამისს კი მათთან მიახლოება აუკრძალეს, ხელწერილიც დააწერინეს”.

თვითმხილველის თქმით, მათ გაარკვიეს, რომ ვიზის განახლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის თურქეთის საკონსულოში იყო შესაძლებელი, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საქართველოდან თურქეთში გამგზავრება.

“დავიქირავეთ მანქანა და წავედით აჭარაში, მამამისის შიში ისევ ჰქონდათ.  მივედით საზღვართან, გავურიგდით ტრაილერის რუს მძღოლს, რომ  თურქეთში გადაეყვანა. 150 დოლარი მძღოლს მისცეს და 20 დოლარი დაიტოვეს, შეიძლება ვიზაზე დაგვჭირდესო. საზღვარზე შემოწმების დროს ქართულმა მხარემ ორივე ჩამოიყვანა ტრაილერიდან და იქვე მდებარე განყოფილებაში მიიყვანა.

ამ დროს ის მძღოლი ფულიანად წავიდა, ამათ ვეღარ დაელოდებოდა. ბოლოს გოგოებიც გამოუშვეს. როგორც გაირკვა, მამამისმა გადმოსცა საზღვარზე, რომ ესენი თურქეთში არ გაეშვათ,  თუმცა მაინც გაუშვეს”

• თურქეთის ციხეში •

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ შემდეგ გოგონები თურქეთის ქალაქ სამსუნში დააკავეს და სტამბულში გადაიყვანეს.

ხიმენა რიკო ამბობს, რომ თურქეთში მათ “ტერორისტულ” საქმიანობას ედავებოდნენ. რიკო თავის ოჯახს დაუკავშირდა, რომელმაც ესპანურ მხარეს მიმართა.

BBC-ის ცნობით, ციხეში 3 დღის გატარების შემდეგ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი გათავისუფლება მოახერხა და ისინი ესპანეთში ჩავიდნენ, სადაც პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ეს ისტორია უამბეს.

შაზა ისმაილი მარცხნივ, ხიმენა რიკო შუაში და ხიმენა რიკოს დედა მარჯვნივ © EPA/CARLOS DIAZ

შაზა ისმაილი მარცხნივ, ხიმენა რიკო შუაში და ხიმენა რიკოს დედა მარჯვნივ © EPA/CARLOS DIAZ

“მე ჩვენი ამბის მოყოლა მინდოდა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ის შესაძლოა ბევრ ისეთ ადამიანს დაეხმაროს, რომელიც რეპრესირებულია ჰომოსექსუალობის გამო”, – ამბობს ხიმენა რიკო.

შაზა ისმაილის მამა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ძალით ცდილობდა შვილის დუბაიში დატოვებას. ასევე იმასაც, რომ გოგონებს თბილისში მართლაც ჩააკითხა, თუმცა განსხავავებულ ვერსიას ჰყვება. 

‘როდესაც ის დუბაიში ჩამოვიდა, მე მას მოვეხვიე”, – განუცხადა მამამ ესპანეთის Antena 3 ტელევიზიას.

“მას შემდეგ, რაც SMS-ით შეგვატყობინა, რომ ლესბოსელი იყო, მე მას სახლში ჩამოსვლა და დალაპარაკება ვთხოვე. 

ისმაილის მამა ასევე აცხადებს, რომ შვილს ფსიქოლოგთან მიყვანა [ჰომოსექსუალობა დაავადება არ არის – WHO] შესთავაზა. მამა ასევე ამტკიცებს, რომ შვილი დუბაიში დარჩენასა და იქ სწავლას დასთანხმდა. ამის შემდეგ კი სახლიდან გაუჩინარდა.

“მას შემდეგ, რაც ის გაქრა, პოლიციაში წავედი. მეგობარმა მითხრა, რომ შაზა საქართველოში იყო და პოლიციას შევატყობინე, რომ ის გაიქცა ან მოიტაცეს”.

მამა ასევე აცხადებს, რომ თბილისში ადვოკატთან ერთად ჩავიდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რომელიც დახია, მისი შვილის ძველი პასპორტის შემადგენელი ნაწილები იყო და მეტი არაფერი.

‘მე ვიცი, რომ შაზას მამას შვილი უყვარს, მაგრამ გონება იმდენად დახურული აქვს, რომ არ ესმის”, – ამბობს ხიმენა რიკო.

ხიმენა რიკო და შაზა ისმაილი დაქორწინებას აპირებენ © EPA/CARLOS DIAZ

ხიმენა რიკო და შაზა ისმაილი დაქორწინებას აპირებენ © EPA/CARLOS DIAZ

BBC წერს, რომ წყვილი დაქორწინებას აპირებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი