ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება ის 3 პირი, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეშია ბრალდებული. კიდევ ერთი პირი ზაზა ბაქრაძე სასამართლოზე არ გამოცხადდა. მას პასპორტის მოქმედება შეუჩერდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 15 000 ლარიანი გირაო.
ბრალდებულებს საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ და პატიმრობიდან გათავისუფლდებიან მას შემდეგ, რაც გირაოს თანხას სრულად დაფარავენ.
გურამ დონაძის ადვოკატის კახა შონიას განცხადებით, ოჯახი თანხას დღეს გადაიხდის და დონაძე, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი დღესვე გათავისუფლდება.
“პროკურატურა დონაძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენებას ითხოვდა, ჩვენ ბუნებრივია ამ შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ სასამართოს შევთავაზეთ გირაო., რაც სასამართლომ დააკმაყოფილა”
მისივე განცხადებით, არცერთი ბრლადებული არ უარყოფს, რომ იარაღი ადგილზე მიიტანილი იქნა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებასაც კი არ აქვს დადგენილი ვინ მიიტანა და დაალაგა ეს იარაღები იქ.
“ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ მზად არის ითანამშრომმლოს გამოძიებასთან. დაკითხული არ არის ამჟამინდელი მდგომარეობით და მზად არის ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 27 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გურამ დონაძესთან ერთად, შეეფარდათ თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილ უფროს დავით იაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას, ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილ უფროსს ალექსანდრე გვაზავას.
მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით შეუჩერდება პასპორტის მოქმედება.
ზაზა ბაქრაძე დღეს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.