ახალი ამბები

ფულე: არაფორმალური დიალოგი საქართველოში უმნიშვნელოვანეს პერიოდში ტარდება

12 თებერვალი, 2013 •
ფულე: არაფორმალური დიალოგი საქართველოში უმნიშვნელოვანეს პერიოდში ტარდება

“ნოემბერში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში. ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთქმედება პარტნიორებთან ასოცირების შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ნაყოფს გამოიღებს,” – განაცხადა ფულემ.

 

არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მასპინძლობს.

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ ენიჭება ამ მინისტერიალს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებით ჩაივლის და საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის გზაზე,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

 

ფანჯიკიძის თქმით, წელს, ნოემბერში გაიმართება სამიტი ვილნიუსში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ დაფიქსირდება საქართველოს წინსვლა:

 

“მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას და აგრეთვე, ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს. ეს არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ და რომლის დასრულებასაც ვგეგმავთ მომავალში, რათა ამ ყველაფერზე ხელი მოეწეროს ვილნიუსის სამიტამდე”. 

 

ფანჯიკიძის თქმით, ხვალ, 13 თებერვალს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი