მინისტრის მიერ პირდაპირ ეთერში ნათქვამი აღნიშნული ფრაზა მოგვიანებით შსს–ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტურ
ვარიანტში საერთოდ არ მოხვდა.
“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ შს მინსიტრის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას:
“ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის ჩვენი მომხრეებისა და მოწინააღმდეგების მხრიდან, ამიტომ მე მსურს დეტალურად განვმარტო რა მოხდა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ – სიტყვით გამოსულიყო ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, შსს–ს უკლებლივ ყველა დანაყოფი, ვინც დადგენილი წესის თანახმად ჩართულია ხოლმე ასეთ დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში, კერძოდ, საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო, დაუყოვნებლივ იქნენ მობილიზებული, რათა უზრუნველგვეყო არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ იქ მისული მოქალაქეების უსაფრთხოება. ამასთანავე, ყველასთვის, მათ შორის უმცირესობისთვის, ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებას აპირებდნენ უკანასკნელ პერიოდში გათავისუფლებული პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე 26 მაისისა და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეები. შესაბამისად, მოსალოდნელი ესქცესების თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში შეძლო შენობაში უზრუნველეყო ორი ალტერნატიული შესასვლელი. გაკეთდა შესაბამისი კორიდორი, რათა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში უსაფრთხოდ შესულიყო პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, პრეზიდენტმა არ ისურვა ესარგებლა ამ ალტერნატიული შესასვლელით. პასუხად მივიღეთ პრეზიდენტის მოთხოვნა, რომ მხოლოდ ცენტრალური შესასვლელით ისარგებლებდა. ამის თაობაზე მე მინდა განვმარტო, რომ მე ვესაუბრე უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და იმედი მაქვს, ის არ დაამახინჯებს და არ უარყოფს ამ ფაქტს. ამის შემდეგ, ეს ძალიან კარგად ჩანს გადაღებულ ვიდეოკადრებში და ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობას კიდევე რთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორ მივიდა შენობასთან სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რამაც ხალხის პირველი მღელვარება გამოიწვია. პოლიციელების რჩევის მიუხედავად, რომ ის შენობაში შესულიყო დაუყოვნებლივ, ის მაინც გარეთ, აქციის მონაწილეებთან დარჩა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა დემონსტრანტები. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავა საპარლამენტო უმცირესობისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად. კადრებში კარგად ჩანს, რომ დედაქალაქის მერი და მისი თანხმლები პირები, რომელთა შორის, სხვათა შორის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მოხელეებიც იყვნენ, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც აგრესიული ყიჟინით, მიზანმიმართულად, ფიზიკურ კონტაქტზე წავიდნენ იქ შეკრებილ დემონსტრანტებთან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან გამოიწვია ისედაც დაძაბული ხალხის უკიდურესი აღელვება და დაიწყო შეხლა–შემოხლა, ფიზიკურად დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
სიტუაციის ხელოვნურად გართულების შემდეგ მე პირადად მივედი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან და მოვუწოდე დემონსტრანტებს, დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიეცათ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების საშუალება. ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა, თქვენ კარგად ნახეთ. ჩვენთვის საგანგაშოა, როცა აღნიშნული კონფლიქტის გამოწვევას და პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას, ნაციონალური მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან. მსურს დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ინციდენტის გამოძიება და პირობას ვიძლევით, რომ კანონის წინაშე თანასწორად აგებენ პასუხს როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ჩაიდინა ძალადობა. კატეგორიულად ვაცხადებ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ არ დავუშვებთ და საფუძველშივე აღვკვეთავთ ყოველგვარი დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას.
აქვე მინდა განვმარტო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ძალადობას, იქნება ეს პროვოცირებული ჩვენი მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეების მხრიდან. არანაირი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის არ არსებობს. საქართველოს პოლიცია ყოველთვის იქნება საკუთარი მოქალაქეების უფლებების და თავისუფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის გარანტი”.
