ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის ტელევიზიის მანქანას ცეცხლი საპასუხოდ გაუხსნა

11 მაისი, 2017 •
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის ტელევიზიის მანქანას ცეცხლი საპასუხოდ გაუხსნა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება სომხური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხური ტელევიზიის თანამშრომლის დაჭრასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ავტომობილს ცეცხლი საპასუხოდ გაუხსნეს.

აქვე აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, რომ სინამდვილეში მანქანას არ ჰქონდა რაიმე ნიშანი, რომ ის ეკუთვნის მედიას, ან რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას.

“ასევე ვაცხადებთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ზომებს მხოლოდ მტრის მიერ გამოყენებული სამხედრო ძალის საპასუხოდ იღებენ, მხოლოდ სამხედრო დანიშნულების საშუალებებისა და ობიექტების წინააღმდეგ.

სომხური მხარის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომუშავე სომხეთის ტელევიზიის, “shanttv”-ს ოპერატორს, დავით ატოიანს აზერბაიჯანული სამხედრო პოზიციებიდან ესროლეს. დაჭრილი ყარაბაღის სამედიცინო დაწესებულებაშია ჰოსპიტალიზებული, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.

გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხური ტელევიზიის ავტომობილი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მსხვილკალიბრიანი იარაღით დაცხრილეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი