ახალი ამბები

ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

11 მაისი, 2017 • 23606
ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

2017 წლის 10 მაისს თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის, სადაც ქვეყნები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ისრაელის დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი, ამნონ შმუელი ხელმძღვანელობდა. კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის საკითხზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდან ისრაელში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, დაიწყონ საუბარი შრომითი მიგრაციის თაობაზე.

“საკონსულო კონსულტაციებისას მხარეებმა მიღწიეს პრინციპული შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის პირობები გავრცელდეს ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, თუკი ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ისრაელის სახელმწიფოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში შეიმუშაონ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს დატოვების შემთხვევაში,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ზვიად გონაძე, ხოლო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  პაატა კალანდაძე. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ისრაელის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი ამნონ შმუელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი  სტელა რაპი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შაბთაი ცური და ისრაელის საზღვრის დაცვის თანამშრომლები.

რას ითვალისწინებს ისრაელთან უვიზო მიმოსვლა – დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკთხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი