ახალი ამბები

შორენა ყაველაშვილი კვლავ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს

11 მაისი, 2017 • 3091
შორენა ყაველაშვილი კვლავ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს

სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე, შორენა ყაველაშვილი საბჭომ კვლავ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

სააპელაციო სასამართლოში შორენა ყაველაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა, საბჭომ ამჯერად ის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დანიშნა.

რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია აპროტესტებდა, რომ შორენა ყაველაშვილს არ ჰქონდა კვალიფიკაცია სამოქალაქო სამართალში და, შესაბამისად, უკანონოდ განიხილავდა სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სამოქალაქო სარჩელს. გვარამიამ გაასაჯაროა დოკუმენტები, სადაც საუბარია, რომ შორენა ყაველაშვილს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში აქვს ჩაბარებული.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გვარამიას უპასუხა, რომ შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი ჰქონდა სამოქალაქო სამართლის სრული, 18-თვიანი კურსი და, შესაბამისად, წარმატებით ჰქონდა ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდებოდა მისი უნარები სამოქალაქო სამართალში.

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე, ნატა ნაზღაიძე საბჭომ უვადოდ დანიშნა მოსამართლედ.  კოლეგიის მესამე წევრი, ნათია გუჯაბიძე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის იანვარში დაინიშნა და მას ვადა ჯერ არ ამოწურვია.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს 2016 წლის ივნისში მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი