ახალი ამბები

ეს ქუჩა დაკავებულია – ფოტოკამპანია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად

10 მაისი, 2017 • 3716
ეს ქუჩა დაკავებულია – ფოტოკამპანია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად

17 მაისის – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ფოტოკამპანია დაიწყო, სახელწოდებით- ეს ქუჩა დაკავებულია.

“ფოტოკამპანია #ესქუჩადაკავებულია ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების პასუხია საზოგადოებრივი სივრცეებიდან მათი უხეშად განდევნის ფაქტებზე, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებას – იარონ ქუჩაში თავისუფლად, დაუცველობის შეგრძნების გარეშე.

საზოგადოებრივი სივრცე ყველას თანაბრად ეკუთვნის და არ შეიძლება, ქუჩაში გამოსვლის და თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლება რომელიმე ჯგუფის პრივილეგია იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფეისბუკ გვერდი ძალადობის წინააღმდეგ/Against Violence აქვეყნებს.

მსურველებს შეუძლიათ შეუუერთდნენ აქციას – დაიკავონ ქუჩები საკუთარ სახლებთან, სასწავლებლებთან, სამსახურებთან, ქალაქებსა და რაიონებში.

ფოტოების გასავრცელებლად  უნდა გამოიყენონ ჰეშთეგები: #ესქუჩადაკავებულია #ნუდადგებისიძულვილისმხარეს #არასიძულვილს #17მაისი ან გაგზავნონ ფეიჯზე ძალადობის წინააღმდეგ/Against Violence.


17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღის მიზანი არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტ (გეის, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება. 17 მაისი სიმბოლურად დაემთხვა დღეს, როდესაც გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წელს დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო.

საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. 2012 წელს გამართულ მსვლელობას მღვდლებისა და მრევლის 50-წევრიანი ჯგუფი პირველად დაუპირისპირდა.

2013 წლის 17 მაისს, აქციის დაწყებამდე  ათასობით ადამიანმა, რომლებსაც მღვდლები მართავდნენ, ბარიერი გაარღვია და დაარბია ლგბტ აქტივისტების აქცია. ასევე, თავს დაესხნენ მიკროავტობუსს ვაჩნაძის ქუჩაზე, რომელშიც ისხდნენ ლგბტ აქტივისტები.

2014 წელს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა. მრევლის ნაწილი ამ დღეს მსვლელობით აღნიშნავს რუსთაველის გამზირზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი