ახალი ამბებისაზოგადოება

მეშახტეების ქალაქი

10 მაისი, 2017 • 9862
მეშახტეების ქალაქი

ტყიბულის შახტში 2009 წლიდან დღემდე [10.05.2017] 24 ადამიანი დაიღუპა. 19-მა ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. ყველაზე დიდი დანაკარგის წელი 2010 იყო, როცა ერთი წლის მანძილზე მაღაროში 8 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. 2011 წელსაც 5 ადამიანი დაიღუპა 400 მეტრის სიღრმეში მომხდარი აფეთქების დროს.

ინფორმაცია 4 მეშახტის შახტში ჩავარდნის შესახებ 9 მაისის საღამოს გახდა ცნობილი. მოგვიანებით მაშველებმა შახტიდან მათი ცხედრები ამოიტანეს. დაღუპული მეშახტეები ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელაძე, გიზო კუბლაშვილი არიან. მეშახტეები 350 მეტრი სიმაღლიდან სარემონტო ლიფტიდან შახტში იმ დროს ჩავარდნენ, როდესაც ლიფტის შეკეთებას ცდილობდნენ.

ტყიბულში შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად უკვე ჩავიდნენ შრომის ინსპექტორები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, შრომის ინსპექტორები საგამოძიებო უწყებებთან ერთად სწავლობენ მომხდარ ფაქტს. დასკვნა იმის შესახებ, რამდენად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების კუთხით ნორმები, მოგვიანებით დაიდება.

„საქნახშირი“

ტყიბულის მაღარო ტყიბულელებისთვის და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებთათვის დასაქმების მთავარი წყაროა.

„საქნახშირის“ მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას ერთ კუთხეში უზარმაზარ ბანერი დგას. მასზე შახტში მუშაობის ზოგადი წესებია ჩამოწერილი.

„გახსოვდეთ, ოჯახში გელოდებიან“ – ასეთია მთავარი გზავნილი. შახტის შესასვლელში შენობიდან ხის კონსტრუქციით აწყობილ ფართო დერეფანს გადაჰყავხარ. დერეფნის ბოლოში გამდინარე წყლის არხია მოწყობილი. შახტიდან ამოსული მუშები აქ ფეხს იწმენდენ.

„ახალგაზრდების ადგილი აქ არ არის, ან შახტში უნდა იმუშაო, ან წახვიდე,“ – ამბობს ბექა სულამანიძე. ბექა მაღაროში მუშაობს. სამთო ინჟინერია. შახტში მუშაობდა მისი მამაც და ბაბუაც.

„შაბათ-კვირას დასვენება არ მაქვს, ყოველდღე ვმუშაობ. 50 ლარი მაქვს დანამატი ამის, სულ ხელფასს 680 ლარს ვიღებ ხელზე. შვებულება? კი, შვებულება მაქვს, მაგრამ უფროსების მსგავსად ახალგაზრდებიც შვებულებას ვატარებთ ტყიბულში. ერთი დიდი ქვაა უბანში, შევიკრიბებით მის ირგვლივ – თხილი, არაყი, შოკოლადი და გადის უცებ დრო. გასართობიც არაფერია. თოხი გვაქვს და ბარი“.

დემურ ზოსიაშვილმა 50 წელი იმუშავა მაღაროში. შახტში მუშაობს მისი შვილიც. 75 წლის დემური თავის ყველაზე რთულ მორიგეობას იხსენებს, როცა შახტში მომხდარი ერთ-ერთი აფეთქების დროს მისი შვილი დაშავდა და ცოცხალ-მკვდარი თავისი ხელით ამოიყვანა იქიდან.

„ალბათ, მოისმენდით ტელევიზიით, შახტში ოთხი მოკვდა და მამამ შვილი გამოიყვანაო. ის მამა ვიყავი მე. ერთ ცვლაში მოვხვდით ორივე. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს. მანამდე და არც მის მერე არ შევხვედრივართ ცვლაში. აფეთქების შესახებ რომ გავიგე, გავიქეცი ყვირილით. არ მიშვებდნენ შახტში, გაზი მოდისო, არ დავუჯერე და ასი მეტრი არ მექნებოდა გარბენილი, ცოცხალმკვდარი ვნახე ჩემი შვილი. გამოვიყვანე და უკან ვაპირებდი შებრუნებას სხვა ბიჭებთან. არ გინდა, დემური ბიძია, ისინი მკვდრები არიან უკვეო – მითხრეს. 27 დღე იყო შეერთებული აპარატზე ჩემი ბიჭი. ერთი პროცენტი იყო გადარჩენის. მაგრამ გადარჩა. ახლა ისევ შახტში მუშაობს“, – იხსენებს დემურ ზოსიაშვილი და ცრემლებს ვერ მალავს.

დემურის შვილი ისევ შახტში მუშაობს, დემური კი სამსახურიდან დაითხოვეს. იგი ამბობს, რომ ამის მიზეზი 2011 წელს, მუშათა გაფიცვებზე აქტიურობა იყო. მას შემდეგ ყველა აქციაზე მიდის და მუშებს მხარდაჭერას უცხადებს.

„2016 წლის მარტის აქციების დროს კიდევ დავუდექი გვერდით და გადაირივნენ ეგენი, ეს კიდევ აქააო?! მე ჩემს ბიჭებს ვერ ვუღალატებ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ მათთან ერთად“.

ამწე-მემანქანის მძღოლი ელდარ ცერცვაძე 21 წელია შახტში მუშაობს. მაღაროში დაახლოებით 9 საათს ატარებს. 6 საათი უშუალოდ მუშა პროცესში, სამი საათი კი ცვლის გადაბარებას, შახტში ჩასვლა-ამოსვლას სჭირდება. „როგორც ექიმის შეცდომა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება ჩვენი შეცდომაცო“, – ამბობს.

დემურ ზოსიაშვილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

დემურ ზოსიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

მეშახტეებს თავად უწევთ კვებაზე ზრუნვა. საკვები ულუფების უშუალოდ შახტში ჩატანა აკრძალულია. „საქნახშირს“ მინდელის სახელობის შახტის ეზოში საკუთარი სასადილო აქვს, სადაც მუშებს შეუძლიათ, საკვები ნახევარ ფასში მიიღონ, თუმცა ამ სერვისით მხოლოდ ნაწილი სარგებლობს. გასულ წელს მრავალდღიანი გაფიცვების შედეგად მუშებმა ხელფასების გაზრდას მიაღწიეს. კომპანიის დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შახტში მინიმალური ხელფასი 600 ლარიდან იწყება და 1200-1300 ლარამდე აღწევს. გაცილებით მაღალია უშუალოდ ადმინისტრაციაში მომუშავეთა ხელფასები, რომელთაც მძიმე ფიზიკური შრომა არ უწევთ.

„აქ ისეთი თემა, ჩვენ სამი ობიექტი გვაქვს – შახტი, 13-მეგავატიანი თბოსადგური და გამამდიდრებელი ფაბრიკა. ადმინისტრაცია სამივე ვარიანტს ემსახურება. კადრებს და ბუღალტერიას. როგორც ინჟინერს აქვს შახტში ხელფასი, დაახლოებით იგივე აქვს, ცოტა ნაკლები. უბნის უფროსს შახტში აქვს 2200 ლარი ხელფასი. ფინანსური დირექტორის მოადგილეს – 1700 ლარი. მანდ [სამუშაოს] სიძნელიდან ვერ იმსჯელებ, განათლებიდან გამომდინარე მსჯელობ“, – ამბობს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი. მასთან ინტერვიუ „ნეტგაზეთმა“ მიმდინარე წლის აპრილში ჩაწერა.

კომპანიის გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში ამტკიცებდა, რომ კომპანიაში მისვლის დღიდან ცდილობდა მუშებისთვის უკეთესი პირობების შექმნას და შრომის უსაფრთხოება კომპანიაში სრულად იყო დაცული.

„საქნახშირის“ წლიური ბრუნვა 33 მილიონი ლარია. 1 ტონა გამდიდრებული ნახშირის მოპოვება კომპანიას 83 ლარი უჯდება. გაყიდვით კი 57 დოლარად ყიდის. კითხვაზე, რამდენია კომპანიის წლიური მოგება, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი ამბობს, რომ „ჯერჯერობით არაფერი. პირველ მოგებაზე გავალთ 2021 წელში“.

ჯამბულ ჯაყელის თქმით, მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა შრომითი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მეშახტეთათვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

ჯამბულ ჯაყელი, "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

ჯამბულ ჯაყელი, “საქნახშირის” გენერალური დირექტორი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

ინვესტორი

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება მე-19 საუკენეში, 1847 წლიდან დაიწყეს. საბჭოთა პერიოდში საბადოში წელიწადში 3 მილიონ ტონა ნახშირს მოიპოვებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბადო გაჩერდა, 2006 წლიდან კი ნახშირის მოპოვება განახლდა. ნახშირის მოპოვებაზე ლიცენზიას შპს „საქნახშირი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) ფლობს. ახლა ტყიბულში ორი შახტი მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის სახელობის.

შპს “საქნახშირის” მფლობელი შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია”. არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” მიერ კომპანიის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ინდუსტრიული ჯგუფი “საქნახშირის” გარდა ფლობს: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას, შპს „მტკვარი ენერჯის“, შპს „სიპაუერს“, უძრავი ქონების მართვის კომპანია “ტიფლის სითის”, შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანას”, სს “ქართული ლუდის კომპანიას”, შპს „გლობალტრანსს“, „ნეოგაზს“, “ევროპული სკოლა”, სს “ქართული ლუდის კომპანია”, “კიოტო”, შპს „გლობალ ტრანსი”, შპს “საქინვესტი”, შპს ,,ინდუსტრია კირი“.

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ კი, ფლობს მარშალის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“, რომელსაც კომპანიის ვებგვერდზე, 2015 წელს განთავსებული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, მართავს და განაგებს საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

"საქნახშირი" ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

“საქნახშირი”
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

რატომ არ უჩივიან დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები კომპანიას

არც ერთი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულთა ოჯახებს კომპანიისთვის არ უჩივლიათ.

„ყოველი საწარმო შემთხვევის დროს დაზარალებულთა ოჯახებს ვთავაზობდით, სამართლებრივი დავა ეწარმოებინათ კომპანიასთან კომპენსაციის მოთხოვნით და ამისთვის მზად ვიყავით, გამოგვეყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტები, რომლებიც უსასყიდლოდ გაუწევდნენ მათ ადვოკატირებას სარჩელის მომზადებიდან პროცესის დასრულებამდე, რამდენ ინსტანციაშიც არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი.

ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ კომპანია უფინანსებდა დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, 40-ის და წლისთავის ხარჯებს და ამის შემდეგაც აგრძელებდა გარკვეულ ფინანსურ დახმარებას, მაგალითად, ბავშვის სწავლის დაფინანსების, მოხუცი მშობლებისთვის მომვლელის დაქირავების, ბინის რემონტის, კერძო ექიმი-მასაჟისტის დაქირავების და სხვა ხარჯებს. იყო შემთხვევები, როდესაც დაშავებულებს კომპანია გარკვეული პერიოდით აძლევდა ყოველთვიურ დახმარებას, გარკვეული თანხის ოდენობით. შესაბამისად, ფიქრობდნენ, რომ თუ სასამართლო დავას წამოიწყებდნენ, კომპანია შეუწყვეტდა ან აღარ გაუწევდა ფინანსურ დახმარებას,“ – ამბობს საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე.

ტყიბული – წიაღისეულით მდიდარი ღარიბი ქალაქი

ტყიბულში შესვლისას, პირველი, რაც თვალში მოგხვდება, გადამუშავებული ნახშირის ნარჩენების უზარმაზარი გორები და მათ გასწვრივ ჩამწკრივებული საცხოვრებელი სახლებია. ქარის ყოველ დაბერვაზე ნარჩენებს მტვერი ასდის და ქალაქს ედება. ტყიბული ამ მტვერს შეჩვეულია.

ტყიბულის ძველ, ინდუსტრიული ქალაქებისთვის დამახასიათებელ საბჭოთა არქიტექტურას, ბოლო წლებში მხოლოდ ორი ახალი შენობა შეემატა: ეკლესია და სპორტის სასახლე. ქალაქში უძრავი ქონების ფასი დაბალია. ერთოთახიანი ბინა 2000 დოლარი ღირს, სამოთახიან ბინას ქალაქის ცენტრში კი მსურველი 5000 დოლარად შეიძენს. თითქმის ყველა კორპუსში 8-9 ბინა მაინცაა, რომელსაც ჩატეხილი ფანჯრები ან ავარიული აივანი აქვს. ტყიბულელები ამბობენ, რომ ასე ადვილად შეგიძლია ამოიცნო, რამდენი სახლია დაკეტილი.

ტყიბულის ცენტრალური ქუჩები თითქმის ცარიელია. გამვლელებს აქ კანტიკუნტად შეხვდებით. ქალაქი ნელ-ნელა იცლება. 1989 წლის აღწერით ტყიბულში 21 994 ადამიანი ცხოვრობდა, 2002 წელს – 14 464. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად კი ქალაქში 9770 ადამიანი ცხოვრობს. ტყიბულის მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი „საქნახშირშია“ დასაქმებული.

ტყიბულის ბაზარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

ტყიბულის ბაზარი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

ტყიბულელების სიღარიბე ყველაზე თვალსაჩინოდ ბაზარში ჩანს. მწვანილი, ტყემალი, მჭადის ფქვილი – ყველაფერი შეგიძლია აქ ნისიად იყიდო. 79 წლის ნანული მოდებაძე ბაზარში ვაჭრობს. ყოველ ახალ წელს ერთ სქელტანიან რვეულს ყიდულობს და მასში ახალი ნისიების ჩამოწერას იწყებს. ყველაზე ძველი ნისიების რვეული 2015 წლისაა.

„ხუთი წელი იქნება, რაც აქ ვვაჭრობ. მარტო ვცხოვრობ, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი მე არ მაქვს. დღეს ლარნახევარი ვივაჭრე. ამით პურს ვიყიდი. ერთი ჭიქა არაყი დავალევინე კაცს, 50 თეთრი მომცა. ძმარი გავყიდე ლარის და ეგაა. ზოგჯერ დღე ისე გავა, შეიძლება ვერაფერი ვივაჭრო. არადა, ფული თუ არ მექნა, საბრუნებელი საქონელი საიდან მოვიტანო?“ – კითხულობს და ნისიების რვეულს ფურცლავს.

ბაზარში მოვაჭრეები იხსენებენ იანვრის თვეს, როცა შახტები სრული დატვირთვით არ მუშაობდა. ქალაქს ტალღასავით გადაუარა ჭორმა, რომ საწარმო მუშაობას აჩერებდა.

„ერთი შახტი მუშაობს. იმან თუ არ იმუშავა, საერთოდ ჩავარდნილია ყველაფერი, აქ აღარ დაიდგომება“, – ამბობენ ისინი.

მაყვალა 55 წლისაა და ტყიბულის ერთადერთ კაფეში მუშაობს. თვეში მხოლოდ ათი დღეა დასაქმებული. მისი დღიური ანაზღაურება რვა ლარია, თვიური ხელფასი კი- 80 ლარი. მისი მეუღლე მეშახტეა, 580-ლარიანი ხელფასით. ორსულიანი ოჯახის ყოველთვიური 660-ლარიანი შემოსავლის განაწილების გრაფიკი ასეთია: ვალი მაღაზიაში – ხელფასის დღე – ვალის გასტუმრება – ახალი ვალი.

„ახლა არ მაქვს ვალი. ახალი აღებული აქვს ჩემს მეუღლეს ხელფასი. რვეული მაქვს ნისიების, სად, რა ვალი მაქვს. ხელფასს რომ აიღებს, ერთ ღამეს ვათენებინებთ ფულს სახლში, ასე მასწავლეს, ბარაქა იცისო. მეორე დღეს კი დავრბივარ ამ ჩემი რვეულით, გადავიხდი, გადავშლი, გადავიხდი, გადავშლი და ასე“.

ტყიბული ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

ტყიბული
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი