აშშ-სა და საქართველოს შორის “საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ” შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაცია ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. შეთანხმება იძლევა საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა.
შეთანხმებას 9 მაისს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის რეგიონში წარმატების სიმბოლო, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
“ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. სახელმწიფო დეპარტამენტში ხელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევთანხმდით, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც 8 მაისს დაიწყო, დღეს, 10 მაისს დაასრულებს. კვირიკაშვილი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტს, სენატორებს.