თუ გაქვთ კერძო ან სახელმწიფო დაზღვევა და სამედიცინო დასეწებულებაში მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე 7 თვეა არსებობს მედიაციის სამსახური, რომელმაც პაციენტის უფლებები უნდა დაიცვას. თუმცა, პრობლემის მოგვარების რა მექანიზმები გააჩნია მედიაციის სამსახურს, პაციენტებს ამომწურავი ინფორმაცია ხშირად არ  აქვთ.

 

პაციენტს ხშირად ჰგონია, რომ მედიაციის სამსახური პრობლემას ნებისმიერ შემთხვევაში მოუგვარებს, თუმცა მხარეებს შორის დავის განხილვის შემდეგ, თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მედიაციის სამსახურს რომელიმე მხარისთვის რეკომენდაციის მიცემა შეუძლია. თუ რომელიმე მხარე რეკომენდაციას არ ეთანხმება, შეუძლია ის სასამართლოში გაასაჩივროს. 

 

რეკომენდაციის გარდა, მედიაციის სამსახური გადაწყვეტილებებსაც იღებს, თუმცა, რა შემთხვევებში, ამაზე სამსახურის უფროსი საუბრობს. 

 

“იმ შემთხვევაში, თუ მხარეები, მაგალითად, პაციენტი და სადაზღვევო კომპანია დავის პერიოდში მედიაციის სამსახურის ჩარევით შეთანხმდნენ, მათ შორის შეთანხმება ფორმდება. ამ შემთხვევაში მედიაციის სამსახური იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, რომელსაც გააჩნია სავალდებულო აღსრულების ძალა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაშინ მხარეებს შეუძლიათ გასაჩივრება მეორე რიგის სასამართლო ინსტანციაში, ანუ სააპელაციო სასამართლოში,”- ამბობს მედიაციის სამსახურის უფროსი, სოფიო ლებანიძე. 

 

ლებანიძის თქმით, ჯერ არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ მედიაციის სამსახურის რეკომენდაცია არ ყოფილიყო გათვალისწინებული, არ შესრულებულიყო გადაწყვეტილება ან გასაჩივრებულიყო სასამართლოში. 

 

რაც შეეხევბა დავების განხილვის ვადებს, ის სხვადასხვაა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართვის  შემთხვევაში. 


როდესაც პრობლემა ფიზიკურ პირს ექმნება, სატელეფონო მიმართვის შემთხვევაში მედიაციის სამსახურმა გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია საშუალოდ 3-4 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. დაახლოებით 2-ჯერ დიდია განხილვის ვადა წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. იურიდიული პირების შემთხვევაში მაქსიმალური ვადა 90 დღეა, თუმცა მაქსიმალური ვადა, რომელიც 7 თვის მანძილზე მედიაციის სამსახურმა გამოიყენა, 58 დღე იყო. დანარჩენ შემთხვევებში- 3-4 კვირა, როგორც ლებანიძე ამბობს, საშუალო ვადად მიიჩნევა. 

 

მედიაციის სამსახურმა 7 თვის ანგარიში 7 თებერვალს წარმოადგინა. როგორც ანგარიშით ირკვევა, ყველზე ხშირად პაციენტები უფლებათადამცველ ორგანოს გეგმიური სტაციონარული მომსახურების (26%), გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისა (24%) და ამბულატორიული მომსახურების მიღების (22%) შემთხვევებში წარმოშობილი პრობლემების გამო მიმართავენ. 


ყველაზე მეტი მიმართვა მედიაციის სამსახურს თბილისიდან -53% და ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმიდან და მცხეთა-მთიანეთიდან- 1% ჰქონდა.


7 თვის მანძილზე მედიაციის სამსახურმა 6536 მიმართვა და დაახლოებით 3.5 მილიონი ლარის ფინანსური დავა განიხილა. აქედან, მედიაციის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 1,181,135.19 ლარის ოდენობის დავა მორიგებით დასრულდა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *