ახალი ამბები

გახარია: დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ სახელმწიფოსგანაც და კომპანიისგანაც

10 მაისი, 2017 •
გახარია: დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ სახელმწიფოსგანაც და კომპანიისგანაც

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მინდელის სახელობის შახტში მომხდარის გამოძიება მაქსიმალურად ღიად ჩატარდება და ყველა დამნაშავე დაისჯება. მინისტრის თქმით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ კომპანიისაგანაც და ადგილობრივი ხელისუფლებისაგანაც.

“დაზარალებულების, დაღუპულების ოჯახს ყველა სახის კომპენსირება გაეწევათ, როგორც კომპანიისაგან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და, გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება. დღეს არ არის, ალბათ, აქ ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებოთ მტყუან-მართალი, აქ არის მომენტი, როდესაც ქალაქს, მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ოჯახების წევრებს, მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე და ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ,” – განაცხადა მინისტრმა.

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები  10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი