ახალი ამბები

ალასანია: სისულელეებზე საუბარს ერთმანეთს ნუ ვაკადრებთ

6 თებერვალი, 2013 • • 976
ალასანია: სისულელეებზე საუბარს ერთმანეთს ნუ ვაკადრებთ

თავის მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა ბიძინა ივანიშვილმა.

 

“გეყოთ ახლა, კითხვები არ იყოს! ჭორებზე ნუ ისაუბრებთ, ძალიან გთხოვთ! ნუ აყვებით ჭორებს!” – უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 6 თებერვალს, თავდაცვის სამინისტროში 2–საათიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ.

 

შეხვედრიდან გამოსულმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად განიხილა თავდაცვის სამინსიტროს განვითარების გრძელვადიანი გეგმა. პრემიერის თქმით, თავდაცვის სფეროში ხელფასები უკვე გაიზარდა 25%–ით, გაუმჯობესდება ჯარისკაცთა კვება და ჯანდაცვა, გარდა ამისა, ქართული ჯარი 2016 წლიდან მთლიანად გადავა საკონტრაქტო სისტემაზე. თავდაცვის მინსიტრმა კი შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს სრული მხარდაჭერა პრემიერის მხრიდან გრძელვადიანი გეგემების განხორციელების საქმეში.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა: “აქვთ მცდელობა, რომ ალასანია

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია

გადაიბირონ, ჭორები დადის, რომ ამათ აქვთ კავშირი და კომუნიკაცია ალასანიასთან”.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ალასანიას გადაადგილების მარშრუტიც განიხილა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “ქრონიკის” ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ალასანია  დუბაიში ჩავიდა, შემდეგ გადაფრინდა საფრანგეთში, შემდეგ კი – დიდ ბრიტანეთში. ჟურნალისტის თქმით, ამ მარშრუტით გადაადგილებისას ალასანიამ გიგი უგულავას მეუღლესთან და მის დაქალან ერთად იმგზავრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ივანიშვილმა ალასანია ამ ვოიაჟის გამო მთავრობის სხდომაზე დატუქსა: “ირაკლი, სად იყავი, მე არ უნდა მცოდნოდაო? “ქრონიკის” ჟურნალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს განმარტება მოსთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: 

 

“მე მართლაც მქონდა კითხვა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით. ამ თემის აჟიტირება არ მინდა, იმდენი არაფერი არ მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ალასანია ჯერ ახალგაზრდა კაცია. რაც შეეხება საფრანგეთს და მეუღლეს, ეს ძალიან პირადია. მე პირადში არ ვერევი. სხვათა შორის, პრეცედენტები მოხდა არჩევნების დროს, იქ ვიღაცებს რაღაც ფილმები გადაუღეს გუნდიდან. ძალიან გაწბილებულნი იყვნენ, ივანიშვილს როგორ დავენახოთო. მე ვუთხარი, არა, თქვენ თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ, მე პირადულში არ შევდივარ, თუმცაღა მე ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ოჯახი ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს. საქართველოში ზოგჯერ ხერხდება ეს და ბევრი ახლობელი ღალატობს მეუღლეს, მაგრამ ეს ძალიან პირადულია. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში. მე ეს არ ვიცი და ჭორებზე არ ვაკეთებ კომენტარს, ვისთან მგზავრობდა და როგორ მგზავრობდა,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი