ნეტგაზეთი | ივანიშვილის კომუნიკაციის სტილი ჟურნალისტებთან [Video] ივანიშვილის კომუნიკაციის სტილი ჟურნალისტებთან [Video] – Netgazeti

ივანიშვილის კომუნიკაციის სტილი ჟურნალისტებთან [Video]

როგორია და როგორი უნდა იყოს პრემიერ–მინისტრის დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ? – ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” მედიის სფეროს წრამომადგენლებს და პრემიერ–მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა.

დღეს, 5 თებერვალს, პრემიერ–მინისტრის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “ტაბულას” შეკითხვას არ უპასუხა, ხოლო სააგენტო “პირველის” ჟურნალისტს შეკითხვის სისწორესთან დაკავშირებით ეკამათა:

“თქვენ გაქვთ უფლება დამისვათ შეკითხვა, მაგრამ მე მაქვს უფლება ჩაგისწოროთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა დღევანდელი პრესკონფერენციისა, ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ შესულა ჟურნალისტებთან პოლემიკაში:

“ზოგიერთი ჟურნალისტი, რომელიც მართულია სააკაშვილის მხრიდან, ძალიან ვერ იტანს ჩემს ჩაკითხვებს”, – განაცხადა ერთ–ერთი ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა.

 

წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი თითქმის მუდმივ პოლემიკაში იყო “რეალ ტვ”-ის ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი კი ღიად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას “რუსთავი 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმციო პოლიტიკის მიმართ ამავე არხების ჟურნალისტების მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

 

როგორც ჟურნალისტი ია ანთაძე აცხადებს, ის შემთხვევა, რაც დღეს პრესკონფერენციაზე მოხდა, ბიძინა ივანიშვილის შეცდომა იყო:

“ის, რაც მოხდა “ტაბულას” ჟურნალისტთან დაკავშირებით, ძალიან უხერხული იყო და ძალიან უსიამოვნო. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო მისი შეცდომა. ყოველთვის უნდა იცოდე ადამიანმა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ხარ, რომ შეკითხვები არ იქნება ყოველთვის სასიამოვნო და ისე დასმული, როგორც შენ მოგეწონება. მან ეს იცის, მაგრამ პერიოდულად ავიწყდება ხოლმე. ადრე უფრო მეტ შეცდომას უშვებდა, ახლა – უფრო ნაკლებს. ამ შეცდომებზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და უნდა მიხვდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ ასეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. თუმცა ამ კონკრეტული მონაკვეთის გამო ამ შეხვედრების მნიშვნელობას ხაზს ვერ გადავუსვამთ. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებს მეტნაკლებად აქვთ საშუალება, რომ 2 თუ 3 საათის განმავლობაში ინფორმაცია მიიღონ უშუალოდ პრემიერ–მინისტრისგან, ძალიან კარგი ინიციატივაა”.

 

ია ანთაძის თქმით, პრემიერ–მინისტრს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, რომელთანაც შეიძლება ჰქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ იქნება უკეთესი და ასეთი შეცდომებისგან დაზღვეული.

პრემიერ–მინისტრის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს ან თანამდებობის პირს, აქვს უფლება შეკითხვაზე უპასუხოს ან არ უპასუხოს:

“ერთ–ერთი თვისება, რომელიც ახასიათებს პრემიერს, არის ის, რომ ის არის გულწრფელი, ის არ არის ყალბი, როდესაც არ პასუხობს შეკითხვას – ამას საჯაროდ ახდენს. ის მომღიმარი, ყალბი გამომეტყველებით არ ურთიერთობს საზოგადოებასთან, ამას საზოგადოების ის ნაწილი უნდა მიეჩვიოს, რომლის მიზანიც არის არა პასუხის მიღება, არამედ შეურაცხყოფის მიყენება ან პროვოკაციის მოხდენა.
მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერი შეკითხვებს არიდებს თავს. მე ვიფქრობ, რომ ამაზე ბევრად მწვავე შეკითხვები იყო, რომელზეც მან ამომწურავი პასუხი გასცა. კითხვას შეიძლება გააჩნდეს რაციონალური მარცვალი, შეიძლება გააჩნდეს ორიენტაცია რაღაც ინფორმაციის მიღებაზე. როდესაც ჟურნალისტი კითხვით იმთავითვე პროვოკაციის მოწყობას ისახავს მიზნად, მაშინ სრული უფლება აქვს ნებისმიერ რესპონდენტს, სტატუსისა და რანგის მიუხედავად, გასცეს ან არ გასცეს ამ კითხვას პასუხი”, – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჟურნალისტების კითხვებში ჩაძიება მათთვის მოტივაცია უნდა იყოს, რომ შეკითხვის დასმამდე კარგად მოემზადონ:

“ჩემი აზრით, ის ჟურნალისტებს აძლევს შეკითხვების დასმის საშუალებას და საკმაოდ ამომწურავად პასუხობს. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ შეკითხვას ის ძალიან ემოციურად აღიქვამს და აგრესიული ხდება, ეს სასურველია არ იყოს. თუმცა განსაკუთრებით შერჩევითი დამოკიდებულება რომელიმე მედიის მიმართ არ გამოუვლენია”, – აღნიშნავს თამარ კორძაია.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს შერჩევითი დამოკიდებულება აქვს არა რომელიმე მედიასაშუალების, არამედ კონკრეტული თემების მიმართ. ქორიძის თქმით, დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა არ უპასუხა ჟურნალ “ტაბულას” ლეგიტიმურ შეკითხვას, ხოლო ამომწურავად უპასუხა ჭორის დონეზე დასმულ შეკითხვას:

“ჯობდა “ტაბულას” დასმულ ამ კითხვაზე ჟურნალისტს და საზოგადოებას პასუხი მიეღო. ასევე, შეიძლებოდა უფრო მეტი განმარტებები გაეკეთებინა ვაუჩერებთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთი ტიპის კითხვას, როგორიც დასვა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი ალასანიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მე მაინც ველოდი, რომ ცოტა უფრო ადეკვატურ პასუხს გასცემდა პრემიერ–მინისტრი და არა ისეთს, როგორიც გასცა. მე იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ მედიაციის პრობლემაა ორმხრივად და მომავალში ასეთი პრობლემები აღარ იქნება”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი