ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: გაუნაწილებელი მანდატები არც ერთ პარტიას არ უნდა მიეკუთვნოს

8 მაისი, 2017 • 1902
ირმა ინაშვილი: გაუნაწილებელი მანდატები არც ერთ პარტიას არ უნდა მიეკუთვნოს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას” სთავაზობს, რომ გაუნაწილებელი მანდატები არც ერთ პარტიას არ მიეკუთვნოს და პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა ცვალებადი დარჩეს. ამის შესახებ მან ბათუმში, კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

აქამდე ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობდა, რომ გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილებულიყო იმ პარტიებზე, რომლებმაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ხელისუფლების ვარიანტის მიხედვით კი, გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს.

“რატომ იღებთ მხოლოდ თქვენ გაუნაწილებელ მანდატებს? გეკუთვნით? პირდაპირ ვთქვათ, რომ არ გეკუთვნით. თქვენ არ მოდიხართ ოპოზიციის შემოთავაზებაზე, რომ ეს მანდატები თანაბრად გადანაწილდეს. სხვა ვარიანტს გთავაზობთ, მოდით, საერთოდ ნუ შევეხებით ამ მანდატებს და პარლამენტარების რაოდენობა ცვალებადი იყოს. არავინ გადაინაწილოს ეს მანდატები, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მოვიკლოთ დეპუტატთა რაოდენობა,” – მიმართა “ქართული ოცნების” ლიდერებს ირმა ინაშვილმა.


____________________________________________________________

მოქმედი კონსტიტუციის რედაქციით, პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე.

ამის შემდეგ, კიდევ თუ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით განაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

საკოსნტიტუციო კომისიის მომზადებული პროექტის მიხედვით, პარლამენტი არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული წესი უქმდება და პარლამენტის 150-ივე წევრი აირჩევა პროპორციული წესით. კონსტიტუციაში ზუსტდება, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. უცვლელი რჩება 5%-იანი ბარიერი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი