ახალი ამბები

“ქართული ოცნების” შიდა დავა სასამართლოში გაგრძელდება

4 თებერვალი, 2013 •
“ქართული ოცნების” შიდა დავა სასამართლოში გაგრძელდება

ალექსანდრე ბერიძე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რუსთავის ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელია. დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ოცნებაში” “ჩანერგილს” უწოდებს და  საკუთარი რიგებიდან რიცხავს. 


ორგანიზაციის დამფუძნებლის მსგავსად, პარტიიდან მისი მოადგილე და მდივანი- ბესიკ ღალაღანია და ირაკლი ნანეტაშვილიც იმავე მიზეზით გარიცხეს. 


როგორც ირკვევა, რუსთავშიც, სხვა ქალაქების მსგავსად,” ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი პროტესტით შეხვდა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ახალი თავმჯდომარის წარდგენის შესახებ, რის შემდეგაც პარტიამ მათი გარიცხვის გადაწყვეტილებაც მიიღო. კიდევ ერთ მიზეზედ ალექსანდრე ბერიძის პარტიიდან გარიცხვის მანანა კობახიძე ზვიად ძიძიგურის განცხადებას ასახელებს, რომლის შესაბამისად, როგორც კობახიძე აცხადებს, ალექსანდრე ბერიძე წინასაარჩევნო პერიოდში ძიძიგურს ხელს უშლიდა, თუმცა პარტიაში დაპირისპირების ასარიდებლად ძიძგური მაშინ არაფერს ამბობდა.


ორგანიზაციიდან გარიცხული წევრების თქმით, როგორც დამფუძნებლებს სრული უფლება ჰქონდათ ის ადამიანი დაეტოვებინათ ორგანიზაციის ხელმძღვანელად, რომელიც თავის დროზე 116 -იდან 84 ხმით იყო არჩეული.


“ზემოდან არის დირექტივა, უნდათ თავიანთი კანდიდატურები დანიშნონ და ისევ ისე ჯიჯღნონ რუსთავი, როგორც ადრე. არადა ზუსტად ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით მთელი ეს პერიოდი, არ ყოფილიყო ზემოდან დანიშვნები. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ პარტიის წევრების ნაწილი უგულვებელყვეს და ისეთი ადამიანების გაწევრიანება მოხდა, ვინც 1 ოქტომბრამდე გვიპირისპირდებოდა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო,”- აცხადებს ალექსანდრე ბერიძე, რომელიც მეორე დღეა “ქართული ოცნების” სათაო ოფისთან შიმშილობს. 


ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის წევრი, რომელიც ამავე ოფისთან შეკრებილებს შეხვდა, თქვა, რომ შიმშილობის ნაცვლად ბერიძემ სხვა უფრო ცივილიზებული მეთოდით უნდა იბრძოლოს სიმართლის დასამტკიცებლად, მაგალითად, სასამართლოს მიმართოს. სასამართლოში გარიცხული წევრები ჯერ ვერ მიდიან. პოლიტსაბჭოს ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა დღესვე მანანა კობახიძე დაპირდა, რომ გადაწყვეტილებას ისინი სახლის მისამართებზე მიიღებენ. 


“წინასაარჩევნო ბრძოლა გრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომელთაც პარტიის შიგნიდან დანგრევა სურთ. 30-ზე მეტ რაიონში მშვიდობიანად აირჩიეს ხელმძღვანელი. თუმცა არის რაიონები, განსაკუთრებით ისეთები, სადაც ჩვენმა მაჟორიტარმა არჩევნები წააგო. ასეთ რაიონებში, ვფიქრობთ, პარტიის წევრები მართულები არიან და მიზანმიმართულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს. ან დაემორჩილონ ქვედა რგოლები პოლიტსაბჭოს, ან შექმნან  სხვა გაერთიანება, სადაც თავისუფლეად იმოქმედებენ. არ არის გამორიცხული, მატერიალური მიზნები ჰქონდეთ ამ ადამიანებს. არანაირი შემოსავლის წყარო არ იქნება ეს პოსტი. ტყუილად ირჯებიან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილი საჩუქრებს ჩამოურიგებს, “- აცხადებს კობახიძე.

 

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მათ პარტიაში მოკლევის შედეგად  “ჩანერგილად” დასახელებულზე მეტი აღმოჩნდეს რეალურად. საეჭვო პარტიელების სია, როგორც ირკვევა, პოლიტსაბჭომ უკვე გადასცა მოსაკვლევად შსს-ს. 

 

გარდა ამისა, უმრავლესობა იმედოვნებს, რომ პარტიები თავადვე მოიკვლევენ საკუთარ რიგებში და ამხელენ “ნაციონალური მოძრაობიდან” “ჩანერგილებს”. 


ირაკლი ნანეტაშვილი, რომელიც ალექსანდრე ბერიძესთან ერთად გარიცხეს “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან”, ამბობს, რომ ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის დავით საგანელიძეს, რომელმაც პირველმა გააკეთა განცხადება მათ შესახებ, ბოდიში აქვს მოსახდელი, თუმცა ბრძოლა სასამართლოში მაინც გაგრძელდება.  


რუსთავის ორგანიზაციის წევრების მსგავსად, ამ ეტაპზე “ქართული ოცნებიდან” ამავე ბრალდებით გარიცხულია ხონის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა სანოძე, რომელიც დავით საგანელიძის განცხადებით, ყოველ საღამოს ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, აკაკი ბობოხიძეს აბარებდა.  


საგანელიძის განცხადებითვე, რუსთავისა და ხონის გარდა, “ნაციონალური მოძრაობიდან” “ჩანერგილების” საკითხი აბაშასა და ოზურგეთში  გამართული ყრილობების შედეგადაც გამოიკვეთა. 


ხმაურით დაიწყო “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის დაფუძნება დღეს გორშიც. 


“ნაციონალური მოძრაობის” წევრები უმრავლესობის წევრთა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. 

 

“სერიოზული კომენტარი ამ ბრალდებაზე წარმოუდგენელია გავაკეთო,”- ამბობს ნუგზარ წიკლაური.

 

წიკლაური მიიჩნევს, რომ საკუთარ რიგებში “ჯაშუშების აღმოჩენის” ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებაში” განხეთქილება დაიწყო.

 

“ჯერ ადამიანები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ “შპიონებითაა” სავსე “ნაციონალური მოძრაობა”, ახლა უკვე დაიწყეს თავიანთ რიგებში ამ მზვერავების, დამსმენების და “შპიონების” ძებნა. ეს მიუთითებს იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის “ქართულ ოცნებაში”. ეს არ არის ხალხი, რომელიც არის გაერთიანებული საერთო მიზნით, იდეით და მათი შემაკავშირებელი იყო მოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლებაში მოხვედრა,” – ამბობს წიკლაური “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი