ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა აშშ–ის საელჩოს საქრთველოში სტრატეგიაზე მუშაობისას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, წარმოდგენილ სტრატეგიაზე ისაუბრა აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
“პირველ რიგში, მინდა მივულოცო სამინისტროს ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეფორმას, ეს არის მიმდინარე პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა არ დაწყებულა დღევანდელი ხელმძღანელობის ქვეშ და ის, ალბათ, არც დასრულდება მისი ხელმღვანელობის ქვეშ. რაც შეეხება წარმოდგენილ გეგმას, ეს არის კარგად მოფიქრებული სტრატეგიული გეგმა”, – განუცხადა აშშ–ის ელჩმა ჟურნალისტებს. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს ჰქონდა პატივი, ყოფილიყო მონაწილე აღნიშნული გეგმის შემუშავების პროცესში კონსულტანტის რანგში.
რიჩარდ ნორლანდის თქმით, აშშ მზად არის კვლავაც გააგრძელოს თანამშრომლობა შსს–სთან სხვადასხვა სტრატეგიული

მიმართულებით. მისივე განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა წარმატებული ვიზიტი აშშ–ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღემდე აღნიშნულ სისტემაში საქმიანობა ერთიანი სტრატეგიის გარეშე ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და შედეგების მიღწევაზე.
სამინისტროს განცხადებით, უწყებაში ჩამოყალიბდება რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია უწყების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება იქნება.
2013 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია სამინისტროს სისტემის რეფორმის ძირითადი პრიორიტეტები: სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია და ა.შ.
