ახალი ამბები

ივანიშვილი: ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ ხალხი პასუხს დღემდე ელოდება

3 თებერვალი, 2013 • 1019
ივანიშვილი: ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ ხალხი პასუხს დღემდე ელოდება

“3 თებერვალი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა. ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო. ქვეყანამ დაკარგა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის – საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში.

 

8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხს გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად”– ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2012 წლის 3 თებერვალს კოალიცია “ქართულილ ოცნების”  ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით 10–წუთიანი მდუმარე აქცია გამართეს.  აქტივისტები მიიჩნევდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე კვლავაც გამოუძიებელია და ბევრ შეკითხვას პასუხის გაცემა ჭირდება.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისი და ქვე­მო ქარ­თლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის, რა­ულ იუ­სუ­პო­ვის გვამები თბილისში, ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ისინი გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირით დაიღუპნენ. ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მისმა ოჯახმა ბოლო წლებში ეჭვქვეშ დააყენა. 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის სივდილთან დაკავშირებული გამოძიება განახლდა და აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს  საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოსულმა გოგა ჟვანიამ 2012 წლის 27 ნოემბერს განუცხადა.

 

გოგა ჟვანიას თქმით, მან საკუთარი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული მასალები პროკურატურას გადასცა და ასევე გაეცნო პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. გარდაცვლილი პრემიერის ძმა ჯერჯერობით გამოძიების დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

 

გოგა ჟვანიას მოსაზრებით, აღნიშნული საქმე დაკავშირებულია კონკრეტულ გვარებთან. მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ და ცდილობდნენ ამ საქმის მიჩქმალვას.

 

“მე გავაცანი ჩემი მოსაზრებები და არგუმენტები პროკურატურას და აწი მათი საქმეა, რგოგორ გამოიძიებენ”, – განუცხადა გარდაცვლილი პრემიერის ძმამ “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი