ახალი ამბები

ქართველმა და ბელგიელმა მორაგბეებმა თამაშისას იჩხუბეს

3 თებერვალი, 2013 •
ქართველმა  და ბელგიელმა  მორაგბეებმა  თამაშისას იჩხუბეს

საქართველოს  რაგბის ეროვნული ნაკრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა შეძლეს და 7:0 დაწინაურდნენ, რასაც მერაბ კვირიკაშვილმა  მალევე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა – 7:3 და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

 

“მეორე ტაიმის განახლებისთანავე მასპინძლებმა ანგარიშში ათი ქულით დაწინაურება შეძლეს – 13:3.  ამან გამოაფხიზლა მილტონ ჰეიგის შეგირდები, რომლებმაც დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში მამუკა გორგოძის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე სხვაობის შემცირება შეძლეს. გორგოძის ლელოს “მეკომ” ზუსტი გარდასახვა მიუმატა – 13:10.”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

საქართველოს რაგბის ეროვნული  ნაკრების განცხადებაში ნათქვამია, რომ  ანგარიშში წინ გასვლა ლევან ჩილაჩავას  ლელოს შემდეგ შეძლო და კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა . საბოლოო ანგარიშია– 13:17.

 

თუმცა შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, ბელგიელებსა და ქართველ მორაგბეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის გამოც ორივე მხარიდან მორაგბეებს თამაში დატოვება მოუხდათ.

 

“რაც შეეხება ჩხუბს, ზუსტად ვერ დავინახე, პროვოცირება რაში გამოიხატა, მაგრამ აშკარა იყო, რო ჩვენ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, რადგან ჩვენი წამყვანი სამი ნომერი გააგდეს, იმათი სამი ნომერიც მიაყოლეს, მაგრამ ამან არია გუნდის სქემა. განხილვა იყო გუშინ, სავარაუდოდ, რაღაცა დისკვალიფიკაციას მისცემენ, ვერ გეტყვით, შეიძლება პორტუგალიასთან შეხვედრისას დაგვაკლდნენ.” – განუცხადა ტელეკომპანია  “რუსთავი–2″–ს ბაჩო ხურციძემ, რაგბის კავშირის ეროვნული ნაკრების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა. 

 

ერთა თასზე მომდევნო მატჩს “ბორჯღალოსნები” 9 თებერვალს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიელებთან გამართავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი