„ფაქტია, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე კოლოსალური თანხები უკვე დაიხარჯა და ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით აშენებული ძვირადღირებული ნაგებობა უფუნქციოდ დატოვოს. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტი გახდეს ორპალატიანი. ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს, ოღონდ ქვეყნის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შემდეგ. ამიტომ კონსტიტუციიდან ეს პირობა უნდა ამოვიღოთ და მხოლოდ ის დავტოვოთ, რომ პარლამენტი ორპალატიანი უნდა იყოს.”
მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” სარგებლობს:
“აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რითაც სარგებლობს ყოფილი სახელისუფლებო პარტია და ყველა ღონეს ხმარობს, რათა არა მარტო უკმაყოფილების მუხტი გაზარდოს მოსახლეობაში, არამედ საქართველოს დედაქალაქი და ქუთაისი ერთმანეთს დაუპირისპიროს.”
წულაიას განმარტებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობას შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას პალატების სხვადასხვა ქალაქში განთავსება მნიშვნელოვან შეფერხებებს არ შეუქმნის:
“შესწორება შევიდეს კონსტიტუციის მე-4 მუხლის 1-ელ პუნქტში, რომლის მიხედვითაც საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი ფორმირდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით) მოხდება თვითმმართველობის ინსტიტუტების ფორმირება. ნაცვლად ამისა, მოხდეს ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედება დაუყოვნებლივ, შესწორების მიღებისთანავე.
ზედა პალატის, ანუ სენატის ადგილმდებარეობად განისაზღვროს ქ. ქუთაისი, ხოლო ქვედა პალატა, ანუ რესპუბლიკის საბჭო, განთავსდეს დედაქალაქში”.








