ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე ირწმუნება, რომ სოხუმსა და იტალიის ქალაქს შორის შეთანხმება გაბათილდება

4 მაისი, 2017 •
ქართული მხარე ირწმუნება, რომ სოხუმსა და იტალიის ქალაქს შორის შეთანხმება გაბათილდება

საქართველოს ელჩი იტალიაში, კარლო სიხარულიძე “მოამბესთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სოხუმსა და იტალიის ერთ-ერთ ქალაქს შორის ხელი მოეწერა, მალე გაბათილდება.

“ეს არის კალაბრიის  პატარა ქალაქი სანტა მარია დელ ჩედრო, დაახლოებით ოთხი ათასი მცხოვრებით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თავიანთი კერძო კავშირებით შეცდომაში შეიყვანეს ამ ქალაქის მერი. ჩვენ უკვე დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს. ყველა სათანადო ზომა მიღებულია და ეს ოქმი სულ მალე ბათილად იქნება ცნობილი”, – განაცხადა კარლო სიხარულიძემ.

აფხაზურმა მხარემ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან პროტოკოლის გაფორმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა არ დაუსახელებია ქალაქი იმ მოტივით, რომ ქართულ მხარეს, შესაძლოა, მათთვის კვლავ ხელი შეეშალა.

ელჩის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია აფხაზურ მხარეს, თუმცა, კან ტანიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაშინდელი განცხადებით, აფხაზეთს აქვს გამოცდილება, როდესაც მსგავსი ფაქტები საჯარო გაუხდია და ქართულ მხარეს მათთვის ხელი შეუშლია, ან საელჩოს შუამდგომლობით ზეწოლა მოუხდენია და შეთანხმება გაუუქმებია.

“ჩვენ გავითავისეთ ეს გაკვეთილი და ამჯერად გადავწყვიტეთ, არ დაგვესახელებინა ეს იტალიური ქალაქი, რადგან  ქართულ მხარეს მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა არ მოეხდინა, ჩვენი თავი კი დავიცავით მორიგი შეთანხმების გაუქმების საშიშროებისგან”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ კან ტანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი