ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე არ ასახელებს იტალიის ქალაქს, რომელთანაც პროტოკოლი გააფორმა

2 მაისი, 2017 • 4495
აფხაზური მხარე არ ასახელებს იტალიის ქალაქს, რომელთანაც პროტოკოლი გააფორმა

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ადგურ ხარაზიამ ხელი მოაწერა პროტოკოლს სამომავალო გეგმების შესახებ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან, რომელსაც აფხაზური მხარე არ ასახელებს, რადგან ეშინია, რომ ოფიცია;ურმა თბილისმა ქალაქის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა არ მოახდინოს.

რომელსაც აფხაზური მხარე ოფიციალური თბილისის მხრიდან რისკების გამო არ ასახელებს.

კან ტანიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთს აქვს გამოცდილება, როდესაც მსგავსი ფაქტები საჯარო გაუხდია და ქართულ მხარეს მათთვის ხელი შეუშლია, ან საელჩოს შუამდგომლობით ზეწოლა მოუხდენია და შეთანხმება გაუუქმებია.

“ჩვენ გავითავისეთ ეს გაკვეთილი და ამჯერად გადავწყვიტეთ, არ დაგვესახელებინა ეს იტალიური ქალაქი, რადგან  ქართულ მხარეს მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა არ მოეხდინა, ჩვენი თავი კი დავიცავით მორიგი შეთანხმების გაუქმების საშიშროებისგან”, – აცხადებს კან ტანია.

სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგურ ხარაზია კი ამბობს, რომ აფხაზეთი ნელი ნაბიჯებით, თუმცა ეფექტურად აღებს “კარს” ევროპაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით 27აპრილს რომში იმყოფებოდა, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, გვიდო დე სანქტისს შეხვდა. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, ქეთევან ციხელაშვილმა იტალიურ მხარეს “დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ხედვა კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით და მიმდინარე დინამიკა.  იტალიის ოფიციალურმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

2016 წლის ზაფხულში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მყოფმა აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციამ რომში  დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გახსნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მაშჲნდელმა ელჩმა იტალიაში, კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ცენტრს ფუნქციონირების საშუალება არ მიეცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი