ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ვიცე-მერმა შეურაცხყოფა მომაყენა

1 თებერვალი, 2013 •
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ვიცე-მერმა შეურაცხყოფა მომაყენა

“ბატონმა ამირან ძოწენიძემ დააყენა საკითხი, რომ გათავისუფლება დაიწყონ ჩემგან, ვინაიდან მე მას არ დავემორჩილე რაღაც საკითხებში, სწორედ იმ ცრუ განცხადებების გამო, რაც მან გააკეთა, თითქოს შტატები არ არის მომატებული ქალაქ ქუთაისის მერიაში. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცადა მოეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა იქ არეულობა და მთელი რიგი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული პროცესები. მე მოვითხოვ, რომ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი, გადადგეს უღირსი ამირან ძოწენიძე თანამდებობიდან და დადგნენ ქალაქ ქუთაისის ხელმძღვანელობაში ის ადამიანები, ვისაც შეეფერება მისი განათლებით, კულტურით, ინტელექტით, ზნეობით 3500 წლის ქალაქის ხელმძღვანელობა“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი აცხადებს, რომ თოფურიძესა და ძოწენიძეს შორის კამათს ჰქონდა ადგილი:

 

„მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეს ჩამეტარებინა სამუშაო თათბირი სამსახურის ხელმღვანელებთან ერთად. იყო მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც სინამდვილეში არსებობს სხვადასხვა პრობლემებზე. მე მივეცი დავალება სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ ემუშავათ ქალაქის პრობლემებზე და გადაეწყვიტათ ის საკითხები, რაც სინამდვილეში არსებობს. ამას ინციდენტს ვერ დავარქმევ, იყო კამათი ბატონ თენგიზ თოფურიძესა და ქალაქის მერის მოადგილესთან. ჩვეულებრივ, სამუშაო თათბირებს ახლავს ხოლმე ასეთი კამათები. არ გვინდა ახლა დაწვრილმანება, ვინ რა უთხრა ვის. მე ვადასტურებ იმას, რომ იყო კამათი მერის მოვალეობის შემსრულებელსა და ბატონ თენგიზ თოფურიძეს შორის. მე სათითაოდ შევხვდი მათ და ეს კამათი ამოწურულია. ბატონი თენგიზი – საჯარო მოხელე, აგრძელებს და გააგრძელებს ჩვენ შორის მუშაობას“.

 

ქალაქის ვიცე- მერი ამირან ძოწენიძე თოფურიძის ბრალდებებს უარყოფს:

 

„მე როგორც გავიგე, ბატონი თენგო თვლის, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს და თუ ის ამაში გულისხმობს შურაცხყოფას, რომ მას ის პრივილეგიები, რომელიც, ჩემი აზრით, დაუმსახურელად ჰქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩამოერთმევა, კი, ბატონო, ჩათვალოს თავი შეურაცხყოფილად. ის ჩვეულებრივი სამსახურის უფროსი გახდება.

 

არაფერი შეურაცხყოფა მისთვის მე  არ მიმიყენებია და ფიზიკურად რომ გავწეულიყავი მისკენ, ცოტა სხვა მდგომარეობაში ნახავდით მას, გარწმუნებთ. ჯერჯერობით არ იგეგმება მისი გათავისუფლება იმიტომ, რომ მე მაინც უნდა გავიარო იურისტებთან კონსულტაცია, მაგრამ ის საყვედურს მიიღებს ამის გამო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი