“მიმდინარეობს არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დაკითხვა ქუთაისში,” – აცხადებს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.
ქუთაისის ყოფილი მერი, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრი და “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი თევდორაძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, პროკურატურა სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ადამიანებით დაინტერესდა:
“მაქვს ინფორმაცია, რომ სოციალური მომსახურებისის სააგენტოში დასაქმებულების მოკითხვა დაიწყეს. 200-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, როგორც ვიცი. ისინი ასრულებდნენ კონკრეტულ სამუშაოს. მათ დაუწყეს დაკითხვა იმაზე, იყვნენ თუ არა ამავდროულად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. ის, რომ ამ ადამიანებმა შეასრულეს კონკრეტული სამუაშო, ამაზე მეტყველებს ის ფორმები, რომლებიც შეავსეს და ახლა ამასთან ერთად, ვის უჭერდნენ და რომელ კანდიდატს და რომელ პარტიას მხარს, ეს სულაც არ არის პროკურატურის პრეროგატივა, მაგრამ პროკურატურა გახდა პოლიტიკური დევნის ეფექტური იარაღი.”
თევდორაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქუთაისის მერი იყო, ბევრ ადამიანს გაუწია სიტყვიერი რეკომენდაცია აღნიშნულ სააგენტოში დასასაქმებლად, რადგან მათ რეალურად ჭირდებოდათ სამსახური:
“ჩემი, როგორც ქალაქის მერის ფუნქცია, ბუნებრივია, იყო ის, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ, შესაბამის ნორმებში აღმომეჩინა დახმარება და გამეწია რეკომენდაცია. იმ პერიოდში, როცა მოხდა დასაქმების სამინისტროს ეგიდით სოციალური მომსახურების სააგენტოში ადამიანების დროებით სამუშაოზე აყვანა, რათა მომხდარიყო რეგისტრაცია უმუშევარი ადამიანების, ბევრ ადამიანს, ზუსტად რიცხს ვერ გეტყვით, მე გავუწიე სიტყვიერი რეკომენდაცია, რომ აეყვანათ სამსახურში. ის, თუ რამდენად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ამაზე მეტყველებს ის ფურცლები და ის შესრულებული სამუშაო, რომელიც მათ შეასრულეს და მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება.”
თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ ამ თანამშრომლებს შორის იყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებიც:
“ამათგან რაღაც ნაწილი მართლაც შეიძლება იყო ჩვენი კოორდინატორი და მიკროკოორდინატორი იმიტომ, რომ მათ სამუშაო ადგილთან ერთად აქვთ ჩვენი კონსტიტუციით მიცემული თავისუფლება პოლიტიკური არჩევანის და პარტიული არჩევანის. და ამის გამო არ შეიძლება, რომ იყვნენ დევნის და რაღაც ზეწოლის ობიექტები. ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ახლა ეს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც რაღაც გარკვეულ სამუშაოს ასრულებდნენ”.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საქმის შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა, მათი თქმით, საქმის მასალებზე ინფორმაციას საზოგადოებას მომავალ კვირაში მიაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, 31 იანვარს გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ 2009 წლის ბოლოს კომპანია “თბილსერვის ჯგუფში” ფორმალურად შეიქმნა “საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება”, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 764 აქტივისტი, რომლებსაც თბილისის ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ დაიკითხა 200-ზე მეტი პირი და გამოძიების ფარგლებში დაიკითხება თბილისის მერი გიგი უგულავაც.