ახალი ამბები

“თავისუფალ დემოკრატებში” “შეგზავნილთა” საკითხზე ივანიშვილი ალასანიას ხვდება

1 თებერვალი, 2013 • 1035
“თავისუფალ დემოკრატებში” “შეგზავნილთა” საკითხზე ივანიშვილი ალასანიას ხვდება

“მართლაც არის ის კითხვები, რომელიც საგანელიძემ დასვა. გუშინ ჩემს სახლთან იყო დემონსტრაცია, 20 ადამიანი იყო ჩამოსული აბაშიდან. მე მათ შეხვდი. გაირკვა, რომ არ მოსწონდათ ხელმძღვანელად არჩეული პიროვნება. არც ერთი “ქართული ოცნების” წევრი არ იყო, რაც ალბათ საოცარია. იქ საგანელიძემ ამოიცნო ორი პიროვნება, უფროსი თავისუფალი დემოკრატების აბაშაში, მეორე იყო მისი მოადგილე და მესამე- თავისუფალი დემოკრატებიდან. საგანელიძეს აქვს დიდი ეჭვი, რომ ეს არის ინსპირირებული ხელოვნურად, მე არ მგონია, რომ ამაში თავისუფალი დემოკრატების დანაშაულია, მგონია, იქაც შეგზავნილი ხალხია “ნაციონალური მოძრაობიდან”. მე ალასანიასთან მაქვს შეხვედრა დღეს საღამოს და მგონი ყველაფერს გავარკვევთ,”- განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 1 თებერვალს. 

 

დავით საგანელიძის განცხადებით,  რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებისა და თავმჯდომარეების წარდგენის პროცესში კანდიდატურებთან დაკავშირებით კოალიციის შიგნით დაპირისპირებები იქნება.

 

“მაგალითად, ჩვენ აბაშაში ჩავატარეთ რაიონული კონფერენცია, რომელსაც პარტიის 81 წევრი ესწრებოდა. ჩვენი წარდგინებითა და პარტიის 79 წარმომადგენლის მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი გვილავა აირჩიეს. ამის შემდეგ 20 კაცის მხრიდან ატყდა ერთი ამბავი, თუ რატომ ავირჩიეთ გვილავა, რომელსაც თითქოს რაიონის წინაშე დამსახურება არ აქვს და არჩევნებისას არ უბრძოლია. ეს კონკრეტული ფაქტი თქვენ შეგიძლიათ განაზოგადოთ, რადგან იგივე ხდება ხონში, ადიგენში, წყალტუბოში, ასპინძასა და სხვა რაიონებში,”- აცხადებს საგანელიძე. 


საგანელიძის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილ კანდიდატურებს ეწინააღმდეგება, შესაძლოა, კოალიციის პარტიებში შეღწეული “ნაციანალური მოძრაობის” აქტივისტები იყვნენ. 


ის იმ 20 კაცის ვინაობას ასახელებს, ვინც ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან შეიკრიბა. საგანელიძის თქმით, მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ვაჟა ლიპარტია ალასანიის პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.


“ჩვენ ასევე ამოვიღეთ სურათები და ვნახეთ, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც არჩევნების დროს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იყვნენ. შესაძლოა, ეს ხალხი თავად “თავისუფალ დემოკრატებშიც” ჩანერგილია. ამიტომ მე მივმართავ მათ, გარიცხონ ისინი პარტიიდან, ხოლო თუ არ იქნებიან გაგდებულები, ჩავთვლი, რომ ამას პარტია აკეთებს! რას ნიშნავს, როცა “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სხვა ორგანიზაციის კონფერენციაზე შუშებს ამტვრევს, კარს კეტავს და ორგანიზაციის წევრებს შესვლის საშუალებას არ აძლევს?!”


საგანელიძის განცხადებას გამოეხმაურა ალასანიის პარტიის წევრი ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებითაც, საგანელიძის ეჭვების შესახებ არა პირადად მისგან, არამედ საჯარო სივრცეში გაიგეს, თუმცა მათ შორის კომუნიკაციის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.


ამ საკითხზე დღესვე გავრცელდა ირაკლი ალასანიას პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებაც, სადაც არ გამორიცხა, რომ ბევრ პარტიაში მართლაც იყვნენ შეგზავნილი “აგენტები” .


“სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” ძალიან ოსტატუტად ახერხებდა ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებში აგენტების ჩანერგვას, რომლებიც თავის შავ-ბნელ საქმეს წარმატებით აკეთებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის “თავისუფალ დემოკრატებშიც” იყვნენ ასეთი ადამიანები,”-განაცხადა ცაგარეიშვილმა. 


როგორც ცაგარეიშვილმა თქვა, “თავისუფალმა დემოკრატებმა უკვე დაიწყეს მუშაობა პარტიის წევრთა გადამოწმების მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი