ახალი ამბები

გამოძიება თბილისის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე

31 იანვარი, 2013 • • 1290
გამოძიება თბილისის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, როგორც იცით, შპს “თბილსერვის ჯგუფის” საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს “თბილსერვის ჯგუფის” იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა “საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება”, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი”.  

 

უწყების ცნობით, დასაქმებულების უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს “თბილსერვის ჯგუფის” საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა – გიგი უგულავამ დაამტკიცა.

 

რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

 
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი