ახალი ამბები

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების აქცია ქუთაისში

31 იანვარი, 2013 •
წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების აქცია ქუთაისში

საპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში

აქციის მონაწილეების თქმით, რომლებიც კომპანიის შემოსავლების სამსახურში არიან დასაქმებული, შტატების 40%-ით შემცირება იგეგმება. მათი მტკიცებით, ამჟამად სამსახურში 55 ადამიანია დასაქმებული და 22 უნდა დარჩეს. აღნიშნული რაოდენობა კი ქალაქს სრულფასოვნად ვერ მოემსახურება.

 

აქციის მონაწილის, ნაირა ჩუბინიძის თქმით, კონკრეტულად მის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული აქვს:

 

“მე პირადად გეუბნებით, მე ნამდვილად მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ჩემზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ვისაც აქვს დღესაც, ისინი დატოვეს, მაგრამ მე წინა ხელისუფლების პირობებში უბნის უფროსი ვიყავი არჩევნებში, “ნაციონალების” ხელისუფლებაზე ვმუშაობდი და მე ვთვლი, რომ ამიტომ მიშვებენ ზუსტად”. 

 

მისივე თქმით, მათ აუტანელ პირობებში უწევდათ მუშაობა:

 

“სამი წელია, რაც ვმუშაობ ამ კომპანიაში. ამ დროის განმავლობაში არ გვისარგებლია არც ერთ ჩვენგანს არც შვებულებით, არც გამოსასვლელი დღით, შაბათ-კვირასც ვმუშაობდით მათ შორის. როგორ პირობებში ვმუშაობდით, ამით არავინ დაინტერესებულა დღემდე. ეს იცის ჩვენმა უშუალო ხელმძღვანელმა, მაგრამ თბილისში არავინ დაინტერესებულა დღემდე. ქარში, წვიმაში, თოვლში ვმუშაობდით. მრიცხველი პირდაპირ მიწაზეა დაგდებული ბევრგან, მიუდგომელ ადგილებზეა, რაც გვირთულებს მუშაობას. ფაქტობრივად, ვმუშაობდით, როგორც მონები ამ საუკუნეში.”

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილის რევაზ გვანცელაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დირექტორთან ჰქონდათ საუბარი:

 

“დღეს გვქონდა შეხვედრა ორგანიზაციის დირექტორთან ბატონ ბექასთან. მან აღგვითქვა პირობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარება, მაგრამ მისი საუბრიდან გამომდინარეობს, რომ ის უძლურია ზემდგომი ორგანოების დავალებით რეორგანიზაციაზე, შემცირებაზე რაიმე რეაგირება გააკეთოს.”

 

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორის მოადგილე გიორგი კობახიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სათაო ოფისიდან რაიმე დირექტივა თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით არ გაცემულა:

 

“არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ თბილისიდან მიუვიდათ ასეთი რამ და  რომ თითქოს აქ არის რაღაც მასობრივ შემცირებებზე საუბარი. მოგეხსენებათ, კომპანიაში მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შესაბამისად, მიმდინარეობს ოპტიმიზაცია. კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეული პროფესიონალი, კვალიფიციური კადრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა პროფესიონალს ვინარჩუნებთ, მიმდინარეობს ტესტირებები, გარკვეულ თანამშრომლებს უკვე ჩაუტარდათ, შესაბამისად, შედეგებიდან გამომდინარე, ყველა პროფესიონალი დარჩება თავის სამუშაოზე.”

 

რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, გიორგი კობახიძე აცხადებს:

 

“ჩვენ ვართ წყალმომარაგების კომპანია, ჩვენ ვართ პოლიტიკისგან აბსოლუტურად განსხვავებული, შორს პოლიტიკისგან, აქედან გამომდინარე, ამ ნიშნით არანაირი შერჩევა და სამსახურიდან გაშვება არ მოხდება. ნებისმიერ სახელზე და გვარზე, თუკი ვინმე ამაზე რაღაცას აცხადებს, მზად ვარ პირადად გავესაუბრო მას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი