ეს განცხადება კურტანიზემ “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  

 

„როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები ხდება, ადამიანებმა პირადი ამბიციები უნდა მოთოკონ, მე არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო რაღაც ტექნიკურ საკითხებზე. გუშინ არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. თემურ ყაზარაშვილს თვალზე ვირუსი აქვს, ვერ ხედავს და როგორც ჩანს, სიბნელეში რამეს დაეჯახა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

 

ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძე

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილი ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.

 

ყაზარაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მწვრთნელების მოხსნასთან დაკავშირებით, უთანხმოების გამო ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. ფიზიკურ შეურაცხყოფაში კურტანიძე მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმაც დაადანაშაულა.

 

“თემურ ყაზარაშვილს რომ ფიზიკურად დავპირისპირდებოდი, როგორ ფიქრობთ, ის დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა”– განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

 

მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი ჭიდაობის ფედერაციაში გახდა ის, რომ თემურ ყაზარაშვილს ჰქონდა მოვალეობა, ხელი მოეწერა თვის ბოლოს სახელფასო უწყისებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. 

 

“ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს ატარებს ჭიდაობაში, ამიტომ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ. საზოგადოება გადაიტვირთა პრობლემებით, მაგრამ ტექნიკური საკითხები შიგნიდან უნდა მოგვარდეს. ყაზარაშვილს ჰქონდა მოვალეობა, რომ ხელი მოეწერა თვის ბოლოს ხელფასების უწყისებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. სახელმწიფოებრივი საქმე პირად ურთიერთობებზე არ უნდა გადავიდეს”, – აცხადებს ლუკა კურტანიძე. 
კურტანიძის თქმით, მან ათი მწვრთნელი შეცვალა ჭიდაობის ფედერციაში და წესდებით მას ამის უფლება ჰქონდა.

მისივე თქმით, ის შეხვდა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს: “ლევან ყიფიანის საზრუნავი არის ის, რომ ჭიდაობის ფედერაციაში იყოს სამუშაო პროცესი და სიმშვიდე იყოს შენარჩუნებული”. 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, გუშინ მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

 

“როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო. მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება. ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ. რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?! – მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი. ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ! ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა”, – აღნიშნა თემურ ყაზარაშვილმა. 

ლუკა კურტანიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმაც. მისი თქმით, კურტანიძემ იგი წააქცია და სცემა. აბრამიშვილის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილმა მას დაურეკა და “ტიროდა, ხელი დამარტყაო”.

არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8 საარჩევნო უბანში ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე.

 

“ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.  რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით”, – აღნიშნული იყო პოლიციის მიერ გასული წლის 1 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

თუმცა ამ ფაქტის გამო კურტანიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

 

კურტანიძემ ამ საკითხზე განმარტება გააკეთა: “საქმე არ აღძრულა. ვიცოდი ჩემი დაპატიმრება იგეგმებოდა. ელოდებოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებდა და დამაპატიმრებდნენ. ახლა აღძრულია საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ის მოხვდება მალე იქ სადაც საჭიროა.”

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *