ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. გავრცელებულ ვიდეომასალაში ლუკა კურტნიძეს რაინდი აბრამიშვილი ეკითხება, რისთვის სცემა ყაზარაშვილი, თუმცა კურტანიძე პასუხს არ სცემს და იგი ერთ–ერთ პირს შენობიდან გაჰყავს. მანქანაში ჩაჯდომამდე კურტანიძეს ჟურნალისტი ეკითხება, ადასტურებს თუ არა იგი ცემის ფაქტს, რაზეც კურტანიძე ასევე არ სცემს პასუხს.
“როგორც მოვიდა ბატონი ლუკა პრეზიდენტადმ თავისუფალ ჭიდაობაში მწვრთნელები, ეს წარმატებული მწრთვნელები ვინც არიან, გადააყეენა ყველა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო, მაგრამ ეს პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო. მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება, რეესტრში ჯერ არ იყო გატარებული კურტანიძე და დანარჩენი შემადგენლობა. რატომ არ მოაწერე ხელიო იმ ბიჭების განთავისუფლებაზე, მეთქი მე მაგას ხელს არ მოვაწერდი, პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და არ არის კანონიერი-თქო.
ამის გამო შენ საერთოდ დაიკარგე აქედანო, რა თქმა უნდა, უშვერი სიტყვებით, დარბაზში აღარ დაგინახოო. მე არჩეული ვიცე–პრეზიდენტი ვარ. ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა და მოკლედ წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა”.– აცხადებს თემურ ყაზარაშვილი.
მოჭიდავის, რაინდი აბრამიშვილის განცხადებით, მას თემურ ყაზარაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ლუკა კურტანიძემ ხელი დაარტყა:
“მითხრა, რომ ფალავანთა კლუბში ვარო, წამოვედი ფალავანთა კლუბში, თემურ ყაზარაშვილი აქ არ დამხვდა. ვიკითხე, სად არის ბატონი ლუკა. შევედი ოთახში და ვკითხე, რა მოხდა-თქო, გამომიყვანა, წამაქცია და მცემა რა მოხდა კითხვის გულისთის. ეს ფაქტი მოხდა. კაცი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, დღეიდან ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება. ფედერაციის პრეზიდენტმა ანახა მაგალითი, პატარა ბავშვებს აყურებინა, როგორ სცემა მსოფლიო ჩემპიონი”. –აცხადებს რაინდი აბრამიშვილი.
“რუსთავი 2” ტელეფონით დაუკავშირდა ლუკა კურტანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი, მაგრამ სიტუაცია დალაგდება.
“არა, არაფერი, ნასვამები არიან ალბათ და დალაგდება. ვიღაცა მტკივნეულად აღიქვამს ცვლილებებს. არა უშავს, ყველას რომ მოვეფერებით, ყველა რომ თავისას იმას იზამს… ასე მტკივნეული არ იქნება”–განაცხადა კურტანიძემ.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და გაერკვია, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, თუმცა პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.





