ახალი ამბები

მიკროავტობუსების გაფიცვამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა[VIDEO]

30 იანვარი, 2013 • 1787
მიკროავტობუსების გაფიცვამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა[VIDEO]

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის განცხადებით, ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობის შეფერხების გამო 26 იანვრიდან  მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა დროებით გაზარდა და მოძრავი შემადგენლობები დაემატა, როგორც ავტობუსებს, ასევე მეტროს, მგზავრების თქმით, მათ ავტობუსის ლოდინი საათობით უწევთ, შემდეგ კი შესაძლოა საერთოდ ვერ ავიდნენ ტრანსპორტში, რადგან თითქმის ყველა ხაზზე მგზავრების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია:

 

“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დილით, მეტროში საშინელი ჭყლეტაა, სადაც მეტრო არ მოძრაობს, იქ კი ავტობუსში ასვლა წარმოუდგენელია. მე დიდ დიღომში ვცხოვრობ, იქ ავტობუსები მიკროავტობუსების გაფიცვამდეც გადაჭედილი იყო, ახლა მეტრომდე ტაქსით მიწევს გასვლა, რომ სამსახურში არ დავაგვიანო, რადგან ავტობუსში ასვლა ფაქტიურად წარმოუდგენელია”, – აცხადებს ნინო კანდელაკი.

 

მგზავრების თქმით, ზოგიერთ ხაზზე, მიუხედავად მგზავრების დიდი რაოდენობისა, ავტობუსი ნახევარ საათში ან ერთ საათში ერთხელ დადის. პრობლემები ექმნებათ ავტობუსის მძღოლებსაც, მათი თქმით, იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობენ, ქალაქში უამრავი ტაქსი გამოჩნდა და მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში გადატვირთულია.

 

ხალხის ნაწილი თვლის, რომ მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა უნდა შეწყვიტონ, რადგან მათი ხელფასი სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით მაღალია, თუმცა მგზავრების უმეტესობა პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს და აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსების მოთხოვნა საზოგადოების მოთხოვნას პასუხობს, მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში ტრანსპოტის ღირებულება შემცირდება, ამიტომ, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მძღოლებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ.

 

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსის მძღოლები 25 იანვარს გაიფიცნენ, ისინი მიკროავტობუსის კომპანიისგან ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმის შემცირებას, ასევე ტექნიკური მომსახურების გადასახადის დაწევას და 2011 წელს ჩატარებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვენ, რასაც ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანა და მგზავრობის გადასახადის გაზრდა მოჰყვა. მძღოლებმა ქალაქ თბილისის მერიის წინ აქცია რამდენჯერმე გამართეს, ისინი გაფიცვის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი