ახალი ამბები

დავით სერგეენკო: “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” საკითხს მედიაციის სამსახური განიხილავს

30 იანვარი, 2013 • • 1404
დავით სერგეენკო: “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” საკითხს მედიაციის სამსახური განიხილავს

” კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” და სადაზღვევო კომპანიების ნაწილს აქვს დავალიანებები პროვაიდერი კლინიკების წინაშე. ეს პრობლემა იყო წინა თვეებში და გასულ წლებშიც. ამისთვის სპეციალურად შეიქმნა მედიაციის სამსახური ჯანდაცვის სამნისტროში, რომელიც მართავს სიტუაციას. ამისთვის აუცილებელია, რომ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მედიაციის სამსახურს” – ეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.     

 

სადაზღვევო კომპანია
სადაზღვევო კომპანია

სერგეენკოს თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მედიაციის სამსახურმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ დავებზე: ” ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, არსებობს ვალდებულებები, თუ სამედიცინო დაწესებულებები დროულად მიმართავენ მედიაციის სამსახურს, მაშინ პრობლემა უფრო მალე მოგვარდება.”

 

სერგეენკო განმარტავს, რომ ჯოენის კლინიკას “არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან” პრობლემა ჰქონდა: “ეს ალბათ 2012 წლის დეკემბრის მონაცემია.  ამ საკითხს მე ვკურირებდი და დეკემბრის ბოლოს, უმეტესწილად, მოგვარდა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერის წინაშე არსებული დავალიანების საკითხი.”

 

“არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან ” სახელმწიფო პროგრამების მომსახურებაზე დადებულ კონტრაქტს სამინისტრო არ გადახედავს. მინისტრის თქმით, პროვაიდერსა და სადაზღვევო კომპანაის შორის არსებული დავა მედიაციის სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს. 

 

სადაზღვევო კომპანია „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“, რომელმაც  2012 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერი მოიგო, პროვაიდერმა კლინიკებმა ხელშეკრულებები შეუჩერეს და მედიაციის სამსახურში  უჩივლეს. 

 

ჯოენის კლინიკის ოპერატორმა  „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“  მომართვებს კლინიკა უკვე ერთი თვეა აღარ ემსახურება: 

 

„სამწუხაროდ, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მომართვებს აღარ ვიღებთ. შეწყვეტილია მათი მომსახურება დაახლოებით ერთი თვეა. ახლა ამ სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი არ ვართ და ხელშეკრულება შეჩერებული გვაქვს.”

 

სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ლებანიძე „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან“ პროვაიდერების პრეტენზიებს ადასტურებს: „მე არ მინდა დავარღვიო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან არის დაკავშირებული. ვერ დავასახელებ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებმაც ოფიციალურად მიმართეს მედიაციის სამსახურს სასარჩელო წესით. საკითხი ეხება ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას სადაზღვევი კომპანიის მხრიდან.    ვადასტურებ, მედიაციის სამსახურში არსებობს რამდენიმე მომართვა, როდესაც სამედიცინო დაწესებულება უჩივის „არქიმედეს გლობალს ჯორჯიას“ ფინანსური ვალდებულებების გაუსტუმრებლობის გამო.“

 

„არქიმედეს გლობალს ჯორჯიას“ , ჯანდაცვის სამინისტროს სოცუზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 243 607 მოქალაქე ჰყავს დაზღვეული. კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

 

2012 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის სადაზღვევო პოლისი ყველა თბილისელ პენსიონერს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და სტუდენტებს გადაეცათ.

 

სახელმწიფოს მიერ 2012 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული ტენდერი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ მოიგო და მას თითო პოლისში სახელმწიფო 15,75 ლარს უხდის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი