ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შიშის გრძნობა პროტესტზე ძლიერია – ინტერვიუ აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთან

1 მაისი, 2017 • 4136
შიშის გრძნობა პროტესტზე ძლიერია – ინტერვიუ აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთან

აზერბაიჯანში პოლიტიკური მდგომარეობისა და 2017 წლის აპრილში ბაქოში ჩატარებული აქციის შესახებ აზერბაიჯანის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ჯამილ ჰასანლი ნეტგაზეთთან საუბრობს.

ბატონო ჯამილ, რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანული პოლიტიკური ოპოზიციის გაერთიანებულმა ძალებმა მასშტაბური აქცია გამართეთ. აზერბაიჯანში პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როგორ მოახერხა ოპოზიციამ მიტინგის ჩატარება? რამდენად რთულად გასცა დედაქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ჩატარების სანქცია?  

რა თქმა უნდა, მარტივად არ გაუცია. ჩვენ გავაფრთხილეთ დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ 9 აპრილს მიტინგის გამართვას ვაპირებდით. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს სავსებით საკმარისია. აქციის გამართვა დაგეგმილი იყო კვირას, ვინაიდან ამ დღეს მოქალაქეები სამსახურებიდან თავისუფალი არიან. ქალაქის ხელისუფლებამ სამი დღით ადრე განგვიცხადა, რომ აქციის ჩატარებას არა კვირას, არამედ შაბათს შევძლებდით. მიზეზი მოტივირებული იყო იმით, რომ “მოქალაქეების დასვენება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო”.  ამ პასუხის შემდეგ ან საერთოდ უარი უნდა გვეთქვა აქციის ჩატარებაზე, ან 9 აპრილს არასანქცირებულად უნდა გაგვემართა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ აქციის გამართვა 8 აპრილს გადავწყვიტეთ. რა მოიგო ხელისუფლებამ? 9 აპრილის აქციის შესახებ ჯერ კიდევ 22 მარტიდან ვაანონსებდით. თარიღის ცვლილებამ ხალხში ოდნავ გაუგებრობა გამოიწვია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ შაბათი ოფიციალურად სამუშაო დღე არ არის, ამ დღეს ხელისუფლებას კონტროლის მეტი შესაძლებლობა აქვს. სახელმწიფო სტრუქტურებში, სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ბიზნესკომპანიებში, უნივერსიტეტებში 8 აპრილი სამუშაო დღედ გამოაცხადეს.

გარდა ამისა, ბევრს გაუგზავნეს მუქარის წერილები, სმს-ები, ხმოვანი შეტყობინებები, რომ დაკარგავენ სამსახურებს, გარიცხავენ სასწავლებლიდან, თუ აქციაზე მივიდოდნენ. ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, რომლებიც სოციალურ ქსელებში გამოვაქვეყნეთ.

აზერბაიჯანში კრიმინალური ხელისუფლებაა, რომელიც კანონს არაფრად აგდებს. ხელისუფლებას შეეძლო, ხვადასხვა მიზეზით სულაც უარი ეთქვა მიტინგზე, უბრალოდ, დარწმუნებული იყვნენ, რომ საზოგადოება დააჩოქეს. ვფიქრობ, არ მოგვცემდნენ მისი ჩატარების ნებას, თუკი ამდენი ხალხის მოსვლას ივარაუდებდნენ.

ფოტო ჯამილ ჰასანლის ფეისბუკის გვერდიდან

ფოტო ჯამილ ჰასანლის ფეისბუკის გვერდიდან

რამდენი ადამიანი მოვიდა და რა იყო აქციის ძირითადი მესიჯები?

ეს აქცია იმაზე სუსტი იყო, ვიდრე 11 სექტემბერს ჩატარებული აქცია, თუმცა პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგანაც ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია, მოახლეობა უფრო გაღარიბდა, კორუფცია და უმუშევრობა გაძლიერდა, პოლიტპატიმრების რიცხვი გაიზარდა. ადამიანებმა, მიუხედავად ალიევის რეჟიმის ტოტალური რეპრესიებისა, დევნისა, დაშინებისა, მაინც იპოვეს საკუთარ თავში ძალა და აქციაში მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენი აზრით, აქციაზე და მის მიმდებარედ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ბევრმა ვერ შეძლო მოედანზე შემოსვლა, რადგანაც ხელისუფლების მიერ შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერების შეეშინდათ. ყველამ იცის, რომ აქციის შემდეგ მონაწილეების იდენტიფიცირება და შემდეგ მათი პოლიციის განყოფილებაში გამოძახება ხდება, სადაც ხალხზე ზეწოლას ახდენენ, აშინებენ, ემუქრებიან, ნარკოტიკს უდებენ და აპატიმრებენ, ან აპატიმრებენ იმ მოტივით, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მოსახლეობისთვის ეს დიდი რისკია. წარმოიდგინეთ, საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან ადამიანი დაითხოვეს იმიტომ, რომ მიტინგზე წასვლას გეგმავდა და ეს მანამდე გაიგეს, სანამ აქცია გაიმართებოდა.

სახელისუფლებო ორგანოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიტინგში 1500 კაცი მონაწილეობდა. როგორც წესი, ისინი 10-ჯერ ნაკლებ რიცხვს ასახელებენ, ვიდრე რეალურად არის. თუმცა თავიდან ბოლომდე იყო პირდაპირი ტრანსალაცია აზერბაიჯანში დაბლოკილ “«Азадлыг»-ის ვებგვერდზე,  “Meydan.tv-ზე”, რადიო “Azadlıq”-ზე, “ამერიკის ხმაზე”,“Contact.az”-ზე, “Kanal 13”-ზე. იქ ჩანს, რომ რეალურად ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა. ისეთ მონარქიულ სახელმწიფოში, როგორიც აზერბაიჯანია, მთავარი კითხვა არ უნდა იყოს, რამდენი ადამიანი მივიდა, მთავარია ის, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს იქ მოსვლა. ამიტომ ყველა მათგანი ღირსეულ პატივისცემას იმსახურებს. ხელისუფლება ნამდვილად არ მოელოდა ამდენ მონაწილეს აქციაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ დააჩოქეს საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები მოსპეს, გააჩუმეს თავისუფალი პრესა, არაკონსტრუქციული მეთოდებით დაასუსტეს ოპოზიცია, დაშინების მიზნით მასობრივად დააპატიმრეს ადამიანები. ახლა გაოცებული არიან, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც გამოჩნდა ხალხი, ვინც ქუჩაში გამოვიდა.

ბოლო მიტინგი, დევიზებით: “დასრულდეს დაყაჩაღება! არა მონარქიას! არა კორუფციას!” არა მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ იყო, ასევე, ნეპოტიზმის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.

მიტინგი იყო სახელისუფლებო კლანის მიერ ბიუჯეტის გაფლანგვის, მონოპოლიის წინააღმდეგ. ბოლო დროს მმართველ ოჯახს მონარქიის შექმნის მცდელობა აქვს [პრეზიდენტმა ქვეყნის პირველ ვიცეპრეზიდენტად ცოლი დანიშნა]. ამით ირღვევა არა მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები, მორალური ღირებულებებიც. როგორი უსირცხვილო უნდა იყო, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ნაბიჯი გადადგა. მიტინგი იყო ორგანიზებული იმისთვის, რომ გვეთქვა არა ოჯახურ-კლანური ხელისუფლებისთვის, ალიევების მონარქიული ზრახვებისთვის.

აქ ადამიანებს პოლიციაში სცემენ სიკვდილამდე, შემდეგ მათ ცხედრებს ფანჯრებიდან აგდებენ და ამბობენ, რომ თავად გადახტნენ. 2015 წლის ნოემბერში სპეციალური სცენარის მიხედვით ჩატარდა სპეცოპერაცია მორწმუნეთა წინააღმდეგ სოფელ ნარდარანში. შედეგად, 6 ადამიანი მოკლეს, მათ შორის- ორი პოლიციელი. მიზანი იყო, მორწმუნეებისგან წამების გზით მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ალი ქერიმლი, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე, გადატრიალებას ამზადებდა. ამის შემდეგ ჩვენ ყველას დაგვაკავებდნენ. მძიმე წამების მიუხედავად, მორწმუნეებისგან მსგავსი ინფორმაცია ვერ მიიღეს. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში შსს კონსტიტუციური კონტროლიდან გამოვიდა. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, მოქალაქეებს აღარ დარჩათ თავდაცვის საშუალება. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი საბჭოთა ხელისუფლების დროს, 60-80-იან წლებში, უფრო მეტად იყო დაცული სამართლებრივად, ვიდრე ახლა, ალიევის რეჟიმის დროს. ჯერ კიდევ 2013 წლის არჩევნებამდე პროვინციაში ახალგაზრდა კაცი გაასამართლეს 5 წლით, ნარკოტიკი ჩაუდეს იმის გამო, რომ ფეისბუკზე ჩემი გვერდი მოიწონა. ალიევის ავტორიტარული რეჟიმი მთლიანად კრიმინალურია, რომელიც არაფრად აგდებს კანონს, კონსტიტუციას. ასეთ რეჟიმს მუდამ დაშინებული ეყოლება ხალხი, რათა არავინ გააპროტესტოს ხელისუფლების უკანონო ქმედებები. თქვენს ქვეყანაშიც [საქართველოში] კი ზოგიერთი “სუფთა” პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი ხალხისგან არ იღებს ქრთამს, დასავლეთში ალიევის “დემოკრატიული” იმიჯის მხარდაჭერისთვის ამ რეჟიმთან გარკვეულ გარიგებაში შევიდა.

აქციაზე ჩანდა ევროკავშირის დროშებიც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხალხი, ვინც იქ იდგა, აზერბაიჯანის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს?

ევროკავშირის დროშა 8 აპრილის მიტინგზე შემთხვევით არ ყოფილა გამოტანილი აზერბაიჯანის დროშასთან ერთად, რადგან აზერბაიჯანის საზოგადოების მიზანია არა მხოლოდ ევროპაში ინტეგრაცია გეოგრაფიულად, – პოლიტიკურად და სოციალურადაც. 8 აპრილის აქციაზე სპეცსამსახურების ხელით ე.წ. მორწმუნეებმა ისლამური დროშა აწიეს იმის საჩვენებლად, რომ ეროვნული საბჭო იცავს ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და რადიკალიზმს. ჩვენმა ორგანიზატორებმა შეძლეს ამ ფაქტის აღკვეთა, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიამ, რომელსაც მიუთითეს, სად იდგებოდა ეს ისლამური რეკვიზიტები და ვინ აწევდა მათ, მაინც მოასწრო მისი გადაღება და მაყურებლისთვის ჩვენება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კარნახით ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩვენს ერთ-ერთ წინა მიტინგზე ISIS-ის დროშაც აწიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ არიან დევნილი, თუმცა ჩვენ საერთო, ევროპულად ინტეგრირებულ სახელმწიფოს ვუჭერთ მხარს და გვსურს, ჩვენ ხალხი ამ ღირებულებებით ცხოვრობდეს, გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც პატივს სცემენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. სწორედ ამით აიხსნება ევროკავშირის დროშები ჩვენს აქციაზე.

რას ფიქრობთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, როგორ შეიძლება ის განვითარდეს?

ჩვენი პოზიცია ცნობილია. ეს არის გზა ევროკავშირისკენ, რადგანაც ის ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენი ხალხის ძირძველ ინტერესებს. თუმცა ალიევის რეჟიმს ამ მიზნისგან შორს მიჰყავს ქვეყანა და იმიტაციის პოლიტიკას ახორციელებს. შეუძლია იმან წაიყვანოს ქვეყანა ევროპული ღირებულებებისკენ, ვინც 21-ე საუკუნეში საკუთარ ცოლს ნიშნავს პირველ ვიცეპრეზიდენტად? ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, რომ ხმების 58% გაყალბდა. ევროკავშირის კრიტერიუმების შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ანულირებული უნდა ყოფილიყო არჩევნების შედეგები. თუმცა ბატონმა ალიევმა ხალხი არჩევნების პროცესებს ჩამოაშორა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, ხალხისგან და დიპლომატიური კორპუსისგან ფარულად ინაუგურაცია ჩაატარა და საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. მას ეშინოდა, რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყანა ეუთოს ანგარიშის გამო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა. სწორედ იმიტომ, რომ ოჯახურ-კლანური მმართველობა მრავალწლიანი გახდეს, ალიევი აზერბიაჯანს ევროკავშირის არიდებს. ამ დღეებში, რუს ჟურნალისტ სოლოვიოვთან შეხვედრის დროს, ალიევმა უფრო მკაფიოდ განაცხადა: “აშშ-ს ვჭირდებით ღარიბები და სუსტები. როგორც კი გავმდიდრდით, მაშინვე გაჩნდა კითხვები კორუფციაზე, იმაზე, რომ ცუდები ვართ. ამიტომაც გადავწყვიტე, ყველა სტერეოტიპი დავამსხვრიო და ვაჩვენო, რომ ჩვენ არ ვართ ევროპა და ჩავატარე რეფერენდუმი საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე”.

სოლოვიოვის კითხვაზე კი, რატომ დანიშნა პირველ ვიცეპრემიერად ცოლი, ალიევი პასუხობს: “ სპეციალურად გავაკეთე ეს. პირველ რიგში, ეს არის არსებული სტატუს-კვოს გაძლიერება, და მეორე, ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ არ ვართ ისეთები, ვინც მათ მიერ შერჩეულ გზაზე ივლის”.

ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ დასავლეთი ევროინტეგრაციის საკითხს ფეოდალური აზროვნების ადამიანთან განიხილავს. ქვეყნის ლიდერი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს 80-100 აშშ დოლარ ხელფასს და 70 დოლარის ოდენობით პენსიას უხდის, აცხადებს, რომ დასავლეთი მისი ქვეყნის გამდიდრებაზე წუხს.

ქვეყანაში რეალური ეკონომიკური კრიზისია ნავთობის ფასის შემცირებისა და მანათის დევალვაციის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტორი მოქალაქეების დამოკიდებულებაში ხელისუფლების მიმართ?

რა თქმა უნდა, კრიზისი, მანათის დევალვაცია, ადამიანების გასაჭირი იქონიებს მოქალაქეებისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე გავლენას. ამჟამად ხალხი უკმაყოფილოა და განრისხებულია. თუმცა შიშის გრძნობა პროტესტზე უფრო ძლიერია, რადგანაც ქვეყანაში პოლიციური რეჟიმია. პოლიციის ხელკეტი კი ყველას შეიძლება მოხვდეს. ალიევი ჯერ კიდევ ჰყვება ზღაპრებს განვითარებაზე, თუმცა რეალური სიტუაცია ძალიან მძიმეა. 2016 წელს მშპ-ს მოცულობა 15 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა და 37,5 მილიარდი გახდა.  თუმცა ორი წლის წინ ეს ციფრი 75 მილიარდს უტოლდებოდა. ნახევარზე მეტი შემცირება ნავთობსექტორზე მოდის. მხოლოდ 2016 წელს ნავთობსექტორმა 12 მილიარდი დოლარი [33%] დაკარგა. წინა წელს ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციები 6 მილიარდი დოლარით შემცირდა- 58% სოფლის მეურნეობის სექტორი და 47% ნავთობის სექტორი. საკმარისია იმის გახსენებაც, რომ ქვეყნის საბანკო სექტორმა 2016 წელს თავისი ფინანსური საქმიანობა 1,7 მილიარდი მანათის შემცირებით დაასრულა. თუ 2015 წელს მოსახლეობის შემოსავლები 10 მილიარდი დოლარით შემცირდა, 2016 წელს კიდევ უფრო მეტად, 12 მილიარდით. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, 2016 წელს შიდა სავაჭრო ბრუნვა 4,3 მილიარდი დოლარით შემცირდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 10 მილიარდით შემცირდა. ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ არ გვინდა ქაოსი, გვინდა რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყნას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს.

ისევ ბოლო მიტინგს დავუბრუნდეთ. ხელისუფლებამ ოპოზიციას ემიგრაციულ ბიზნესში დასდო ბრალი. აზერბაიჯანულ სოციალურ მედიაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ ბევრი გამოვიდა ფოტოს გადასაღებად, რათა შემდეგ ელაპარაკათ, თუ როგორ დევნიან მათ ქვეყანაში, ამის შემდეგ კი ლტოლვილის სტატუსს უფრო მარტივად მიიღებენ. ორი წლის წინ პარტია “მუსავატის” ლიდერი დაადანაშაულეს ასეთივე ბიზნესში. როგორ ფიქრობთ, რეალურად იყენებენ მიტინგებს ოპოზიციის წარმომადგნელები ასეთი მიზნებისთვის?

ეროვნული საბჭო ამით დაკავებული არ არის. არავისთვის გაუცია ჯერ საგარანტიო წერილი ემიგრაციისთვის. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არიან ისეთებიც, ვინც მიტინგს ამ მიზნით იყენებს. ალიევის რეჟიმის პოლიტიკის გამო აზერბაიჯანელები პესიმისტურად არიან განწყობილი. ბევრი ემიგრაციაში ხედავს გამოსავალს. ჩემი ბევრი ნაცნობი უკვე წავიდა საზღვარგარეთ, თუმცა თავიანთი რესურსით მათ შეეძლოთ, ბევრი სიკეთე მოეტანათ ამ ქვეყნისთვის. ბოლო დროს, რეჟიმის მიერ დევნის შედეგად, ბევრმა დატოვა ქვეყანა. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ხელისუფლებამ დაიწყო ეს კამპანია ალი ქერიმლის წინააღმდეგ. ეს იყო ცილისწამებისა და გაშავების კამპანია. მოხდა მსგავსი წერილების ფაბრიკაციაც, თითქოს ისინი ალი ქერიმლის მიერ იყო ხელმოწერილი. პარტია სახალხო ფროტნმა, რომელიც ალიევის რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგე და ხელისუფლების რეპრესიების მთავარი სამიზნეა, დიდი ხანია აკრძალა მსგავსი დოკუმენტის გაცემა. მჯერა, რომ პარტია ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, ასეთ რამეს არ გააკეთებს. ჩემი აზრით, აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც ემიგრირება სურს, შეუძლია ალიევის რეალური რეჟიმის მარტივი მტკიცებულებები წარმოადგინოს. ამ ქვეყანაში არიან პატიმრები, შვილის გამო პოლიციაში მიჰყავთ მამა და დედა, ძმის გამო – და, ახლობლებს ერთმანთის წინააღმდეგ განაწყობენ, ერთმანეთზე განცხადებებს აწერინებენ. ყველა ეს ფაქტი შეიძლება მასობრივი ემიგრაციისთვის საფუძველი გახდეს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი