ახალი ამბები

ურთიერთბრალდებები ქუთაისის მერიაში

29 იანვარი, 2013 •
ურთიერთბრალდებები ქუთაისის მერიაში

“თუ ვინმე თვლის, რომ ჩვენი ამოცანების შესასრულებლად საკმარისია, ზედმეტია ეს ადამიანები, მაშინ შეიძლება კონკრეტულად ამის განხილვა. ოღონდ იმაზე აპელირება, რომ ვიღაცა თავისიანებს ნიშნავს… მე პირადად არავინ დამინიშნავს, პრინციპულად წინააღმდეგი ვარ  ნათესავების და ახლობლების სამსახურში მიღების და იმ ადამიანს, ჩვენს მეგობარს, რომელიც აცხადებს, რომ მანკიერებასთან გვაქვს საქმე, ვურჩევ, რომ საკუთარი თავიდან დაიწყოს. ვგულისხმობ ერთ- ერთი სამსახურის უფროსს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრივილეგირებული ადამიანია ამ დაწესებულებაში. მისი უახლოესი ნათესავი მუშაობს ჩვენთან და თუ მას სურს რაღაცები გამოასწოროს, საკუთარი თავიდან დაიწყოს. თქვას უარი სახელმწიფო მანქანაზე, რომელიც მას ემსახურება და, სხვათა შორის, შვებულების დროსაც თან ჰყავდა, თქვას უარი საკუთარი მეუღლის აქ დასაქმებაზე და გაუშვას სამსახურიდან, მისი ხელქვეითია და ასე შემდეგ. ჩემთან მერე ჰქონდეს პრეტენზია ასეთ თემებზე.”

ვიცე-მერი ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2012 წელს განხორციელდა:

 

“ყბადაღებული თემა მინდა გავაჟღერო, ეს არის ზოგადად ხელფასების თემა ჩვენს თვითმმართველობაში. მინდა გითხრათ, რომ 2011 წლის შემდეგ ხვედრითი წილი ბიუჯეტში ხელფასის არ გაზრდილა, შეიძლება პირიქითაც. ამ წუთისთვის ხელფასი მთლიან ბიუჯეტში შეადგენს 14,5 %-ს. ესეც იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2012 წელს მოხდა ხელფასების ზრდა თანამშრომლებისთვის. ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ოპონენტები ჩვენგან ქმნიან მონსტრებს. საშუალო ხელფასი არ აღემატება 450-500 ლარს, არა მგონია, ეს ძალიან მაღალი იყოს. არც რაოდენობა არ არის თანამშრომლების გაზრდილი და მე მინდა ვურჩიო ყველა ჩვენს დაუძინებელ მეგობარს, რომლებიც ძალიან აპელირებენ ამ თემაზე, კალკულატორები მოიმარჯვონ და ცოტა 1000-ის ფარგლებში, როგორც მინიმუმ, შეკრება-გამოკლება უნდა ისწავლონ. მხოლოდ 10 შტატით არის გაზრდილი 2011 წლის შემდეგ გაზრდილი თვითმმართველობის თანამშრომელთა სია. იყო 731, ახლა არის 741. ამაში შედის უშტატო თანამშრომლები, ამაში შედის პროგრამით დაქირავებული თანამშრომლები. ” 

 

მისივე თქმით, მარტიდან ბაგა-ბაღის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ: 

 

“მინდა საკრებულოს ინიციატივა გაგაცნოთ, ეს ეხება ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდას პირველი მარტიდან. ყველაზე ცოტა 15%-ით გაიზრდება მათი ხელფასი. ეს არის გაგრძელება იმისი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბოლო ორი წლის განმავლობაში.”

 

ამირან ძოწენიძე ავტომობილების თემასაც შეეხო. როგორც ის განმარტავს, უახლოეს პერიოდში მერიის და საკრებულოს კუთვნილი ავტომანქანები აუქციონზე გაიყიდება:

 

“რაც შეეხება მანქანების თემას, ჩვენ ვაპირებთ ამ მანქანების გაყიდვას. 38 მანქანა, რომელიც ემსახურება მერია-საკრებულოს, ჩვენ მიერ გამოცხადდება აუქციონი და გაიყიდება აუქციონზე. ამ მანქანიდან 8 წყობილებიდან არის გამოსული, ხოლო დანარჩენი 30-იც ძალიან ძველია, უმრავლესობა მათგანი ძველი და ცუდია. ყველა ამ მანქანას გავყიდით და ვიყიდით იაფფასიან მანქანებს. ყველას ერთნაირი მანქანები ეყოლება და მე მინდა ეს მანქანები იყოს ჰიბრიდები, ამით ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ბენზინის ხარჯი.”

დასასრულს ვიცე-მერმა ქალაქში არსებული პრობლემები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი: 

 

“კიდევ ერთი პრობლემა. ძალიან დიდი პრეტენზიები ისმის ჩვენ მიმართ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მაგრამ ქუთაისელებს მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის ჩვენი სფერო. წყალმომარაგების კომპანია ჩვენ არ გვექვემდებარება, ცალკე სახელმწიფო კომპანიაა, რომელზეც თვითმმართველობას არანაირი კონტროლი არ აქვს. ასევე, ნიკეას ნაგავსაყრელი, ესეც ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება ამ პრობლემის მოგვარება, სამწუხაროდ, ჩვენ თანხები არა გვაქვს და ესეც ცენტრალური ხელისუფლების  პრობლემაა, საბოლოო ჯამში. ამას გარდა, ძალიან ბევრი გზა, რომელიც გამოსულია წყობილებიდან, ვცდილობთ, რომ შევაკეთოთ. მე ბოდიში მინდა ყველას მოვუხადო ხანდახან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის. თუმცა, რაც არის, ეს არის. ამ სამუშაოებს ჩვენ არ ვასრულებთ, მხოლოდ შეკვეთებს ვიძლევით და არ შველის საქმეს მხოლოდ დაჯარიმებები იმიტომ, რომ ფირმა რომ დააჯარიმო, ხვალ და ზეგ კვალიფიკაციას ვერ აიმაღლებს, ნუ, ქართველები ვართ, რაც არის, ეს არის. ჩვენ ვცდილობთ საუკეთესო გამოგვივიდეს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის.”

 

2012 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგო თოფურიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თოფურიძემ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილი აქვს შტატების უპრეცედენტო მატებას. მისივე თქმით, თვითმმართველობაში კადრებს კონკურსის გარეშე ირჩევენ და ხშირად პარტიული ნიშნით ასაქმებენ პირებს.

 

ვიცე-მერის განცხადების საპასუხოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა  მერიის სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ჩამონათვალი და მათზე გათვალისწინებული საწვავის ოდენობა იანვრის თვეში. თოფურიძემ 79 ავტომანქანის სია გამოაქვეყნა, რომლებისთვის იანვრის თვეში შეძენილ უნდა იქნას „პრემიუმისა“ და „ევროდიზელის“ მარკის საწვავის ტალონები და 27 მანქანის სია, რომელთა პლასტიკურ ბარათებზე იანვრის თვეში უნდა დაირიცხოს „ევრორეგულარის“ მარკის საწვავი.

 

თოფურიძის ცნობით, ქუთაისის ამჟამინდელი მერის ბესიკ ბრეგაძის, მისი მოადგილის კოტე რატიანისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის დავით მეგრელიშვილის ვიზიტზე ავსტრიასა და ესპანეთში, რომელიც დღესაც გრძელდება, ქუთაისის მერიამ გადაიხადა 12 858 ლარი. 

 

თოფურიძის თქმით, 2008 წელს, როდესაც იგი დაინიშნა ქუთაისის მერიაში თანამდებობაზე, მერიის თანამშრომელთა რიცხვი 344-მდე შემცირდა, 2009-ში გაიზარდა 458-მდე, 2010-ში – 540-მდე, 2011-ში – 549-მდე, ხოლო 2012-ში შეადგინა 668:

 

“მხედველობაში მაქვს მხოლოდ თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლები; თუკი ჩავთვლით პროგრამა „კორპუსის“, ჯანდაცვის, სოციალური დახმარებისა და ლტოლვილთა სამსახურის, ეკონომიკის სამსახურის პროგრამებს, ეს რიცხვი 815 თანამშრომელს აჭარბებს. სახელფასო თანხა, ჯამში, წლის განმავლობაში შეადგენს 7 190 000 ლარს, რაც ქ. ქუთაისის საკუთარი შემოსავლების (11 113 000 ლარი) 65%-ია. ტენდენცია საგანგაშოა და კვლავ გრძელდება”, – აცხადებს თენგო თოფურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი