ახალი ამბები

51–ე სკოლაში დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას აპროტესტებენ

28 იანვარი, 2013 •
51–ე სკოლაში დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას აპროტესტებენ

მასწავლებლებმა გამაფრთხილებელი აქცია დღეს, 28 იანვარს, სკოლის წინ გამართეს და ჟურნალისტებს ის პეტიცია გააცნეს, რომელიც გაეგზავნა პრემიერის კანცელარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას.

 

51-ე სკოლის მასწავლებელთა ინფორმაციით, 2012 წლის ივნის–ივლისში 51–ე სკოლაში ჩატარდა აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველზე 2013 წლის 17 იანვარს გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 51-ე საჯარო სკოლისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემისა და სკოლის დირექტორის, დავით ლაგვილავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი წარდგინებით მიმართვის შესახებ.

 

პეტიციის მიხედვით, პედაგოგებმა, მოსაწვლეებმა და მშობლებმა მიმდინარე წლის 22 იანვარს მიმართეს განათლების სამინისტროს მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით. ისინი მიიჩნევენ, რომ აუდიტის დასკვნა არის მიკერძოებული, აბსურდული და არ შეესაბამება სკოლაში არსებულ სიტუაციას.

 

“ჩვენ მოვითხოვთ მინისტრთან შეხვედრას, რათა ჩვენი საყვარელი დირექტირის სამართლიანობა დავამტკიცოთ. მხოლოდ ამას მოვითხოვთ. ჩვენ არ ვშლით სასწავლო პროცესს. ჩვენ მთელი ცხოვრება პატიოსნად და ერთგულად ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს” , – განუცხადა ჟურნალისტებს 51–ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ფატი ჭარბაძემ.

 

სკოლის დირექტორის, დავით ლაგვილავას მხარდაჭერას უცხადებს ამავე სკოლის თვითმმართველობა.

 

“თვითმმართველები მიიჩნევენ, რომ ქუჩის აქციები და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმები ამ ეტაპზე გამართლებული არ არის.

51-ე საჯარო სკოლა
51-ე საჯარო სკოლა

ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ჩვენი მოთხოვნების წაყენების ოფიციალური გზები. მივმართეთ ბატონ მინისტრს და განვუმარტეთ, რატომ არ მიგვაჩნია სამართლიანად ბატონი დავითის გათავისუფლება. თუ ჩვენს მოთხოვნას ბატონი მინისტრი არ დააკმაყოფილებს, მივმართავთ საპარლამენტო კომისიას. თუ ვერც იქ მივიღებთ სასურველ შედეგს, მივმართავთ გაეროს ბავშვთა ფონდს, რადგანაც სახელმწიფო (ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს სახით) არღვევს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის რამდენიმე მუხლს (მ.4- სახელმწიფომ უნდა სცეს პატივი ბავშვის აღზრდაში მონაწილე პირებს; მ.12- იმ საკითხებში, რომლებიც უშუალოდ მას ეხება, ბავშვის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული). ჩვენ არ ვიცავთ ლაგვილავას, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ვიცავთ საკუთარ უფლებას, ვიცხოვროთ დემოკრატიულ-სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც არ ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები” – აცხადებს 51–ე საჯარო სკოლის თვითმმართველობის ხელმძღვანელი მარიამ ახვლედიანი.

 

საპროტესტო აქციას დღესვე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ 51–ე სკოლაში ნამდვილად არსებობს დარღვევები. გოგლიჩიძის თქმით, სკოლაში არსებული პროტესტის საფუძველი არის პირადი დამოკიდებულება და კეთილგანწყობები დავით ლაგვილავასადმი.

 მიმაგრებული ფაილები:

1. 51–ე სკოლის აუდიტორული დასკვნა

2. სკოლის დირექტორის პასუხი სამინისტროს

3. 51–ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი

მასალების გადაბეჭდვის წესი