ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი პოლიტიკას ცენტრისტული პარტიით უბრუნდება

28 აპრილი, 2017 • 3360
დავით უსუფაშვილი პოლიტიკას ცენტრისტული პარტიით უბრუნდება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ცენტრისტული იდეოლოგიის პარტიას ქმნის. აღნიშნულის შესახებ უსუფაშვილმა დღეს, 28 აპრილს, სასტუმრო ” ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

“მე ვბრუნდები პოლიტიკაში გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული. მე ვბრუნდები პოლიტიკაში პასუხისმგებლობით, იმ შეცდომებე პასუხისმგებლობით, რომელიც ჩემი თანამონაწილეობით ხდებოდა, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ვბრუნდები პოლიტიკაში ვალდებულებით, რომ ცოდნა, გამოცდილება და ენერგია უნდა მოვახმარო საქმის უკეთ კეთებას” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

უსუფაშვილის თქმით, პარტიის შექმნის პროცესი ეტაპობრივი იქნება და თვითმართველობის არჩევნების ფონზე შეიქმნება. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მერობის კანდიდატი არ დაუსახელებია. უსუფაშვილმა პირდაპირ არც იმ შეკითხვას უპასუხა, მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს ერთ-ერთ კანდიდატად.

უსუფაშვილს დღეს არც პარტიის სახელწოდება უთქვამს და არც პარტიის წევრები დაუსახელებია. მისი თქმით, პარტიის კონკრეტულ შემადგენლობას მაისის ბოლოს დაასახელებს, თუმცა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიაში მისი ცოლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ჩართვას არ ელოდება.

უსუფაშვილის თქმით, პარტია სამპუნქტიანი გეგმით იმოქმედებს და მთავარი მამოძრავებელი პარტნიორობა და დესტრუქციული პოლიტიკური ველის ელიმინაცია იქნება.  ვრცელი და დეტალური დოკუმენტი პარტიის შესახებ დღეს ონლაინ გამოქვეყნდა.

დავით უსუფაშვილი 2013 წლამდე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე იყო, თუმცა 2016 წლის 29 ოქტომბერს პარტია დატოვა. დავით უსუფაშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში. იგი იყო რესპუბლიკური პარტიის პირველი ნომერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც ხმების 11.7% მიიღო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი