ახალი ამბები

ფადი ასლი: საერთაშორისო სავაჭრო პალატა კვლავაც მხარს დაუჭერს გიორგი კვირიკაშვილს

27 აპრილი, 2017 • 3212
ფადი ასლი: საერთაშორისო სავაჭრო პალატა კვლავაც მხარს დაუჭერს გიორგი კვირიკაშვილს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავამჯდომარე საქართველოში ფადი ასლი განცხადებას ავრცელებს ახლო აღმოსავლეთიდან 12 ინვესტორის ვიზიტისა და პრემიერთან გაუქმებული შეხვედრის დეტალების შესახებ.

წერილობით განცხადებაში ასლი განმარტავს, თუ რა შეემთხვათ თბილისის აეროპორტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თავმჯდომარეებსა და გენერალურ მდივნებს, რომელთა შეხვედრა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან 25 აპრილს, 10:00 საათზე, იყო დაგეგმილი.  შეხვედრა გაუქმდა ბიზნესმენების მხრიდან, რისი მიზეზიც, ასლის თქმით, ამ შეხვედრაზე მისი არდაშვება გახდა.

ფადი ასლის თქმით, 22 აპრილის საღამოს დელეგაციას მოუწია საათნახევრიანი ლოდინი და საპასპორტო კონტროლზე დამამცირებელი მოპყრობის ატანა, თუმცა ისინი ქვეყანაში შემოუშვეს მას შემდეგ, რაც, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავამჯდომარე ამბობს, იგი დაუკავშირდა შსს–ს მაღალჩინოსანს. ფადი ასლი მადლობას უხდის გურამ დავითაშვილს, საპატრულო პოლიციის საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომელს.

“24 აპრილს ჩემს თანამშრომლებს შეატყობინეს პრემიერის პროტოკოლის სამსახურიდან, რომ არ ვიყავი დაშვებული 25 აპრილის დაგეგმილ შეხვედრაზე; პროტოკოლის წარმომადგენელმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანს განუცხადა შემდეგი: „ასე მითხრეს, რომ ფადი ასლი ამ შეხვედრას არ დაესწრება“. მას არ დაუდასტურებია, რომ ეს პრემიერ-მინისტრის მითითება იყო. დელეგაციასა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაში ჩემთვის მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შეხვედრა გააუქმა”, – აცხადებს ფადი ასლი.

თავდაპირველად ამ ფაქტების შესახებ ფადი ასლიმ განცხადება რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით გაავრცელა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია პრემიერის ინვესტორებთან შეხვედრის თაობაზე, რომელიც გაუქმდა.

დღეს ფადი ასლი წერილში მიუთითებს, რომ ამ შეხვედრიდან მისი ჩამოცილების გადაწყვეტილება პრემიერ-მინიტრს არ ეკუთვნოდა.

“იმ პერიოდიდან, როდესაც ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, დღემდე, გიორგი კვირიკაშვილის კარი ყოველთვის ღია იყო ჩვენი პალატისთვის და პირადად ჩემთვის. იგი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პატივცემული პოლიტიკოსია საქართველოში, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვინც ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის წინ აყენებს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა კვლავაც მხარს დაუჭერს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, მაგრამ, ამასთან ერთად, ყოველთვის გამოვამზეურებთ ყველას, ვინც ცდილობს კულისებს უკან ძირი გამოუთხაროს ბიზნესკლიმატს მოსამართლეებზე თუ პატიოსან სამთავრობო მოხელეებზე ზეწოლის მეშვეობით”, – აცხადებს ფადი ასლი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ამ ინციდენტის პოლიტიზებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი