ეს გახლდათ ის მთავარი სათქმელი, რომელიც თითოეული გამომსვლელის სიტყვაში იკითხებოდა დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტი ჯერ ადამიანთა თავებში მოხდა და შემდეგ რეალიზდა, რომ ადამიანები ემზადებოდნენ ამისთვის და თავებში ჩადენილმა ჰოლოკოსტმა განაპირობა საშინელი რეალობა:
“მე მიმაჩნია, რომ ჰოლოკოსტი თავებში ჯერ კიდევ გრძელდება კაცობრიობაში და ჯერ კიდევ არსებობს გამოვლინებები, როდესაც ადამიანები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, თავს უფლებას აძლევენ რელიგიური, ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფის მიმართ გააკეთონ განცხადებები, რომლებიც მტკივნეულად აღიქმება, მაგრამ არ ხდება ამ ტიპის განცხადებების წინააღმდეგ განცხადებებით გამოსვლები”
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, იმის გამო, რომ ადამიანებს აქვთ საშინელი გამოცდილება, აღარ აქვთ უფლება უყურადღებოდ დატოვონ ასეთი ტიპის განცხადებები:
“იმის გამო, რომ გვაქვს გამოცდილება და ვიცით სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს თითქოს უწყინარმა სიტყვებმა სხვების წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავილაშქროთ და დღეს უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავებში ჰოლოკოსტს, რათა ის რეალურად არ განხორციელდეს”
სიტყვით “ჰოლოკოსტი” 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი აღინიშნება.
ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამინური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.
2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრულ ან ნაწილობრივ უარყოფას. ამავე რეზოლუციით დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
“ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულებები ადამიანის უფლბების მიმართ. ჩვენ ასევე უნდა გამოვიდეთ მოგონების ფარგლებიდან და დავრწმუნდეთ, რომ ახალმა თაობამ იცის ეს ისტორია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ადამიანის ის უფლებები, რომელზეც გაერო დგას, დაცული იქნას,” –განაცხადა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ბან კი–მუნმა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმაც გაუსვა ხაზი ამ დღის, როგორც გაკვეთილის მნიშვნელობას, რომელიც ადამიანებს ბიძგს აძლევს იფიქრონ, თუ რა ისწავლეს ისტორიის სამარცხვინო ფურცლიდან და რას აკეთებენ იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ ძალადობას, შეუწყნარებლობას, სისასტიკეს, რომელსაც, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ აქვს ადგილი.
“ადამიანის ცივილიზებულობას დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ისეთი სისასტიკის მიმართ, როგორიცაა ჰოლოკოსტი, რასიზმი, შეუწყნარებლობა და, ბუნებრივია, რომ ჩვენ, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა ვიდგეთ ისეთ საზოგადოების და ქვეყნის სადარაჯოზე, რომელშიც ადამიანებს არ ყოფენ ბიოლოგიური თუ სხვა ნიშნით, რომელშიც ყველა მოქალაქე თანასწორია და ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას”
დღევანდელ დღეს განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მან მღვდელი გრიგოლ ფერაძე გაიხსენა, რომელმაც არაერთი ნაბიჯი გადადგა ებრაელთა დასაცავად და საკუთარი სიცოცხლეც გაწირა ებრაელი ადამიანის გადასარჩენად:
“ჰოლოკოსტი მარადიული შეეხსენებაა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ აქტიურად შევეწინააღმდეგოთ რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალურ და ნებისმიერი სხვა ტიპის ჯგუფისდმი შეუმწყნარებლობას. ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებას წმინდა გრიგოლ ფერაძის სიტყვებით დავასრულებ: „მოქალაქეობა მოითხოვს სხვისი აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნასა და დაფასებას. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად.“
დღევანდელი ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები, რომლებმაც სანთლები დაანთეს და ასე მიაგეს პატივი ჰოლოკოსტის მსხვერპლებს.
