როგორც სოზარ სუბარმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ვაჰაგან ჩახალიანს სამი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული, რომელთაგანაც არც ერთი არ იყო მძიმე დანაშაული, ამიტომაც მას ამნისტია შეეხო და ეს არ ყოფილა კონკრეტული პირის გადაწყვეტილება:
“მას ჰქონდა სამი მუხლი მისჯილი და სამივე იყო ნაკლებად მძიმე, ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ხულიგნობა და იარაღი. არც ერთი ის ბრალდება, რაზეც ზეპირ განცხადებებში ლაპარაკობენ სააკაშვილი, ხაჩიძე, მერაბიშვილი და მთელი ეს ნაციონალური მოძრაობის წევრები, მას წარდგეინლი არ ჰქონია. მან თურმე დაარბია პოლიციის შენობა, შევარდა ქართულ უნივერსიტეტში და დაარბია, შევარდა სასამართლოში და დაარბია, გამგეობაში და დაარბია, ცემა პოლიციელები, ცემა საჯარო მოხელეები, არის უცხო ქვეყნის აგენტი და ჯაშუში და ჯაშუშობაში არის მხილებული და ამის ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, ამას როცა მეუბნება პრეზიდენტი და შს მინისტრი ყოფილი, რომლის მოვალეობა იყო, ეს ყველაფერი აღმოეჩინა, დაესაბუთებინა, წაეყვანა სასამართლოში და სასამართლოს განაჩენი გამოეტანა და ეს ყველაფერი არ არის გაკეთებული, მე მაქვს განცდა, რომ ესენი უბრალოდ იტყუებიან, ან არასაკმარისად პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ან შეგნებულად აფარებდნენ ხელს, სხვა რა ვიფიქრო, მე არ ვიცი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის თქმით, სასამართლოს დარბევის ფაქტი მისი სახალხო დამცველობის პერიოდში მოხდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არავინ დასჯილა:
“მე არ მახსოვს, იყო თუ არა ჩახალიანი იმ საქმეში, მაგრამ არავინ რომ არ დასჯილა იმ საქმეზე, ფაქტია და ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებდა მაშინ ვანო მერაბიშვილი და რატომ არ იძიებდა მთელ ამ საქმეებს. თუ ის მართლაც ასეთი დამნაშავეა, რას აკეთებდა ვანო მერაბიშვილი, 24 000 კაცი ჰყავდა ციხეში და გამოტენილი იყო ციხე, რატომ არ წარუდგინეს მას ბრალი?”, – აცხადებს სოზარ სუბარი.
სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, სომხეთის პატრიარქს მისთვის რაიმე მოთხოვნა არ წაუყენებია, მან მხოლოდ ჰკითხა, რა ხდებოდა ჩახალიანის საქმესთან დაკავშირებით და რატომ არ მოხვდა ვაჰაგან ჩახალიანი პოლიტპატიმართა სიაში:
“პატრიარქმა დააყენა ასე საქმე, ჩვენთან იყვნენ ჩახალიანის მშობლები, მათ რაღაც პრობლემები აქვთ და იქნებ გაგვარკვიოთ, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებითო. ბატონმა ბიძინამ არ იცოდა ეს საქმე და მე მკითხა. მე კარგად ვიცნობ ჩახალიანის საქმეს იმიტომ, რომ მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი. მე მასპინძლებს ვუთხარი, რომ ის ვერ მოხვდებოდა პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ უნდა ყოფილიყო ამნისტია. ის მუხლები, რომლებიც მას აქვს წაყენებული, სამივე მუხლს ეხება ამნისტია, ამიტომ სავარაუდოდ მალე გათავისუფლდებოდა, ეს იყო მთელი ისტორია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 იანვარს პატიმრობიდან გათავისუფლებულ ვაჰაგან ჩახალიანს საქართველოს მტერი და კრიმინალი უწოდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჩახალიანის გათავისუფლება ქვეყნისთვის საშიშია.
