ახალი ამბებიტექნოლოგიები

საქართველოში HDTV სიგნალით მოსარგებლეთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

25 აპრილი, 2017 •
საქართველოში HDTV სიგნალით მოსარგებლეთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

სატელიტური ოპერატორის, SES-ის მიერ ყოველწლიური ბაზრის კვლევის ახალი შედეგების თანახმად, სატელევიზიო სიგნალს საქართველოში ძირითადად სატელიტით იღებენ და ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს ანუ 510 000-ზე მეტ ოჯახს თანამგზავრული მაუწყებლობა პირდაპირი გზით მიეწოდება.

SES-ს ამჟამად საქართველოში 455 000 ტელემაყურებელ ოჯახზე გააჩნია წვდომა, როგორც პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის (DTH),  ასევე, საკაბელო და IPTV ტელევიზიის მქონე ოჯახების ჩათვლით, რაც გასულ წელთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კვლევის თანახმად, საქართველოში გამოსახულების მაღალი ხარისხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ქვეყნის მასშტაბით HDTV გამოსახულების სიგნალით მოსარგებლე ოჯახების რიცხვი 158,000-მდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ცნობიერება ულტრამაღალ გარჩევადობასთან (UHD) დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით იზრდება და UHD-ის განვითარების ეს გლობალური ტენდენცია  შესამჩნევია საქართველოშიც.

“მაშინ, როდესაც 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა იცოდა, თუ რა იყო ულტრამაღალი გარჩევადობა, ხოლო 9%-ს ჰქონდა UHD ტელევიზორი, 2016 წელს სახეზეა საკმაოდ მკვეთრი ზრდა მოსახლეობის ორივე კატეგორიაში. ამჟამად მოსახლეობის უკვე 37%-მა იცის, თუ რა არის ულტრამაღალი გარჩევადობა, 15% კი ფლობს ამ ტიპის ტელევიზორს,” – ამბობს კომპანიის ანალიტიკოსი რიკარდო ტოპმანი. მისი თქმით, სავარუადოა, რომ ზრდა მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

სატელიტი1

ტელემაუწყებლობას საქართველოს მოსახლეობის 47% სატელიტური სიგნალით იღებს. წყარო: SES-ის კვლევა

სქრინზ

საქართველოში ცნობიერება UHD გამოსახულების შესახებ იზრდება და უფრო მეტი ოჯახი ყიდულობს ასეთ ტელევიზორს. წყარო: SES-ის კვლევა

ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში UHD ეკრანების რაოდენობა თანდათანობით გაიზარდა. თუ მათი რაოდენობა 2014 წელს 6 მილიონს შეადგენდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გასამმაგდა და 17 მილიონს გაუტოლდა. გასული წლის ბოლოსთვის ევროპის ოჯახების თითქმის 7% უკვე აღჭურვილი იყო UHD ეკრანით.

სატელიტური ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის (HD) კონტენტით სარგებლობენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა და 10%-ით აჭარბებს 2015 წლის ბოლო პერიოდის მონაცემებს.

დღეისათვის SES 93 მილიონ მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) მოსარგებლე ოჯახს ემსახურება, რაც ევროპის თანამგზავრული HDTV ოჯახების 78%-ს შეადგენს. საქართველოში მისი ოფიციალური პარტნიორი “მაგთისატია”.

SES არის სატელიტური ოპერატორი, რომელიც ფლობს 62 სატელიტს. ის მომსახურებას უწევს სატელევიზიო არხებს, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი